მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ყველა განკარგულება ქვეყნდება.
მისივე ცნობით, ძველ განკარგულებების რაოდენობა 80 000-მდეა და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ "გამჭვირვალობის" შესახებ ე.წ. რუსულ კანონს, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
„ორი გზა არსებობს, როდესაც სახელმწიფოს გარკვეული ხარჯების დანახვა შეუძლია. ჩვენ რაზედაც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ან საგადასახადო საიდუმლოება, ან ფინანსური მონიტორინგი, რომელიც ასევე საიდუმლოებაა. დონორებს მთავრობის ადმინისტრაციისთვის იმის შესახებ შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება, თუ რაში ხარჯავენ გარკვეული მიმართულებებით ფულს, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ჩაშლილი არასოდესაა. გარდა ამისა, თუ რა გრანტები გამოიყოფა სახელმწიფო ორგანოებისთვის, ეს ბიუჯეტში ფისკალური მიზნებისთვის აისახება. თუმცა, ესეც ასევე არის კეთილ ნებაზე დაფუძნებული და არასოდეს არ არის ჩაშლილი.
რაც შეეხება მთავრობის დადგენილებებს ის მაცნეზე ქვეყნდება, ხოლო განკარგულებები ქვეყნდება საიტზე. რაც შეეხება ძველ განკარგულებებს, ისინი არასოდეს გამოქვეყნებულა, არის 80 000-მდე და ამაზე მიდის მუშაობა. რაც ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი, ყველა განკარგულება ქვეყნდება და შეგიძლიათ ნახოთ,“ -აცხადებს ჟორჟოლიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასევე შემოსავლის სამსახურზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ უწყებას მხოლოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი დეკლარაციით წარედგინება. ამასთან, ელექტრონული ზედნადებით განხორციელებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
„ამ ინფორმაციაში არ შედის სამივლინებლო ხარჯები, რადგან ეს არ ტარდება შემოსავლების სამსახურში. მაგალითად, აიპები თუ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვთ ვალდებულება, რომ დაბეგრონ მოგების გადასახადით. ასევე, არ ვრცელდება ბუღალტრული ანგარიშგების შესახებ კანონი. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც რა საკვირველია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ მოიძიო ან გქონდეს ამაზე ინფორმაცია და ის ინფორმაციები, რაზედაც მე მაქვს საუბარი, წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და საშემოსავლო გადასახადის ხარჯვით ნაწილში ინფორმაცია ჰქონდეს შემოსავლების სამსახურს, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაასახელებს კონკრეტულ ორგანიზაციას,“- განმარტავს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს, მიუხედავად იმისა, რომელია მათი საქმიანობის სფერო.