მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვა დაიწყო

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვების შეზღუდვის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ დასწრების საშუალება ყველას მაქსიმალურად მიეცა. ამასთან, ის მიკროფონით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს უწოდებენ.

"ერთ განმარტებას გავაკეთებ, სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტები აქ ესწრებიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ყველას მაქსიმალურად მივეცით საშუალება, რომ სხდომას დასწრებოდნენ. ჩვენი ამოცანაა, საკითხები თუ გსურთ, რომ განვიხილოთ შინაარსობრივად, უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება, პირდაპირ ეთერში ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობაზე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას. კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით, ამიტომ თუ გულისხმობთ კონკრეტულ კანონპროექტს, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი, რომელიც აქ დღეს უნდა განვიხილოთ, ასეთი კანონპროექტი არ არსებობს”,- განაცხადა ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას.

მიუხედავად ოხანაშვილის პოზიციისა, მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეახსენეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის და ყველა მსურველს, მათ შორის მედიის ნაწილს სხდომაზე დასწრების საშუალება არ აქვს.

განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს პარლამენტში შესვლა მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს შეუძლიათ. შენობაში ვერ შევა ვერც ონლაინ მედიის და ვერც რადიოს ჟურნალისტი.

"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".

კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები