მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა „რუსული“ უწოდა“ - საპარლამენტო ოპოზიცია კომიტეტზე

ანა ნაცვლიშვილი

„გაიწვიეთ კანონი უკან“ - ასეთია თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური ძალის მოწოდება, ვინც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ცენზურის პირობებში შეძლო და კანონის განხილვის დაწყებამდე თავისი პოზიცია დააფიქსირა.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტის მოსმენა, პარლამენტთან სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ორგანოში კი ოპოზიციის პროტესტით დაიწყო.

ოპოზიციონერი დეპუტატები, კომიტეტის თავმჯდომარეს პასუხს სთხოვდნენ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საკითხის განხილვას, პარლამენტის გადაწყვეტილებით არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის ნაწილი ვერ ესწრება, რადგან პარლამენტში გადაწყვიტეს, შენობაში მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები დაეშვათ.

კომიტეტის სხდომა, რომელზეც დღეს მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტი წარადგინა, თავმჯდომარის მხრიდან შეზღუდვებით დაიწყო. ანრი ოხანაშვილი პროცედურულ საკითხზე აზრის დაფიქსირებისას ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონს უთიშავდა, თუ კი ისინი „რუსულ კანონს“ ახსენებდნენ და თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა დეპუტატების ნაწილმა თავისი პოზიცია მაინც დააფიქსირა:

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი:

"ინიცირებული რაც არის ე.წ. „რუსული კანონი“...[მიკროფონი გაუთიშეს] თუ მზად ხართ შეცვალოთ ანტირუსულად, განსაზღვროს ამ კანონმა კონკრეტულად მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია - ოკუპანტი სახელმწიფო, თუ ის იქნება მიმართული იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ აღიარებენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და რეალურად გამოავლენს აგენტებს და ქვეყნის მოღალატეებს - თუ მზად ხართ, რომ ასე შეცვალოთ კანონი, ჩვენ მზად ვართ მართლა წარვუდგინოთ პარლამენტს ევროპული კანონი, რომელიც ავლენს რუს მოღალატეებს ქვეყანაში. თუ ასეთი ცვლილებების მზაობას გამოხატავთ ეს საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნათ და შევჯერდეთ დროზე, რომელიც ახალი კანონის წარსადგენად დაგვჭირდება".

ჯგუფ "ევროოპტიმისტების" წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე:

"სამწუხაროდ, დღეს ამ სხდომაზე ძალიან ბევრი მედიის - ონლაინ პლატფორმების წარმომადგენელს და არასამთავრობო ორგანიზაციებს დასწრების საშუალება არ მიეცა. ამიტომ მინდა გთხოვოთ, რუსული კანონი ეხება სამოქალაქო სექტორს"...[მიკროფონი გაუთიშეს]

"ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი:

"ვაყენებ წინადადებას თქვენ, საზოგადოებას მიაწოდოთ სრული ინფორმაცია, ვინ მოგმართათ სხდომაზე დასწრების თხოვნით, მათ შორის ონლაინ მედია პლატფორმებმა და ამის შემდეგ გვითხრას, იმ ორგანიზაციების და ადამიანების რა ნაწილი დაუშვით, რომლებსაც სრულიად ლეგიტიმური სურვილი ჰქონდათ. თუ შეიძლება წარმოადგინეთ სრული სია და დასაბუთება, მაგალითად რატომ არ არიან ონლაინ მედია პლატფორმების, სააგენტოების წარმომადგენლები დაშვებული - დასაბუთება გვჭირდება რატომ არა?

აქ ისეთი განწყობაა, თქვენი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, რომ არ იყოს საუბარი და განხილვა და ჩაიშალოს სხდომა.

ჩვენ ვაყენებთ წინადადებას - გაიწვიეთ უკან კანონი, რომელსაც ქართველმა ხალხმა რუსული კანონი უწოდა და უთხარით - არა".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა:

"ამ სხდომის ჩაკეტვა ვერანაირად შეცვლის იმ სიმართლეს, რომ ეს კანონი ემსახურება..."[მიკროფონი გაუთიშეს]

ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი:

"ფაქტი ერთია - საზოგადოება ძალიან ღელავს. ჩვენი თანამოქალაქეები ვღელავთ... აქ სიტყვა რუსულმა შეგაწუხათ, სათაური მთავარი არ არის, შინაარსია მნიშვნელოვანი, თორემ არც პუტინს დაურქმევია რუსული. რადგან ასე ღელავს საზოგადოება თქვენც უნდა ნერვიულობდეთ. ეს ის ქვეყანაა, სადაც მუდამ თელავენ საქართველოს, ნუ დავჭამთ ერთმანეთს და გაიწვიეთ ეს კანონი, უბედურება და ბოროტებაა ეს საქართველოსთვის".

პარტია "ლელოს" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი:

"პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საზოგადოებამ მოისმინოს ყველა არგუმენტი ამ კანონთან მიმართებით და გთავაზობთ, ჭეშმარიტების დადგენას რადგან ვცდილობთ, იმიტომ რომ ევროკავშირი გვეუბნება ამ კანონს თუ მიიღებთ დაივიწყეთ ევროპაო, მნიშვნელოვანია ჭეშმარიტება დავადგინოთ. გთავაზობთ, ჭეშმარიტების დადგენას სოკრატული მეთოდით - გამოვიდეს მდინარაძე, შემდეგ 5 წუთი გამოუყავით ყველა დეპუტატს და კითხვა პასუხის რეჟიმში დავადგინოთ ჭეშმარიტება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები