მომავალ კვირაში, საქართველოში "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად ქვეყანას ევროპელი ჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ესტუმრებიან.
არის თუ არა ამ პროცესის დროს კანონის განხილვის დაპაუზება შესაძლებელი, მედიის ამ კითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ არ უპასუხა. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არგუმენტირებული და შინაარსობრივი დიალოგისთვის "ოცნება" მზად არის.
"უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიდის გამჭვირვალობის კანონის განხილვა და ჩვენ ვითხოვთ, რომ თუ კი არსებობს რამე კონკრეტული არგუმენტი, ან შემოთავაზება როგორ იყოს ფორმულირებული ესა თუ ის მუხლი, როგორ იყოს ჩამოყალიბებული ესა თუ ის მიდგომა, ჩვენ მზად ვართ შინაარსობრივად განვიხილოთ. ამას იმეორებდნენ სპიკერები პარლამენტში და ამასვე ვეუბნებით ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს მათ შორის, შეთავაზება რომელიც გააკეთა პრემიერმა ელჩების მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია. თუ ვინმეს აქვს რამე სათქმელი და შემოსათავაზებელი, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ.
სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ამ დრომდე ვხედავთ არის მსჯელობის დაბლოკვა პირველივე დღიდან, ნაცვლად მსჯელობისა. ზუსტად ამ მორალური ტერორის მექანიზმების გამოყენებით და სპეცსამსახურების ტექნიკით პროპაგანდის გამოყენებით ხდება კანონის დაბრენდვა, როგორც - რუსული კანონი. იმიტომ, რომ დისკუსია არ შედგეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა უარი თქვეს აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე.