მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, დიპლომატიური კორპუსი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსი საქართველოს შიდა პოლიტიკურ განხილვებში ზედმეტად მონაწილეობს, რაც მისივე შეფასებით, თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აზიანებს.

პრემიერის ელჩებთან შეხვედრაზე კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პროცესში მონაწილეობით ელჩები მიკერძოებულები ხდებიან, რაც საზოგადოების ნაწილს მათ მიმართ ნეგატიურად განაწყობს.

„პრემიერი-მინისტრს ჰქონდა წერილობითი განცხადებაც და იცით, რომ მეც შევუერთდი მის ინიციატივას. გვაქვს ეს მოცემულობა, რომელიც მეც ასე დამხვდა, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და რომლის მიმართაც ჩემი წუხილები მაქვს, რომ სამწუხაროდ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი თუ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ზედმეტად მონაწილეობს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში. ეს გარკვეულწილად გასაგებია, ჩვენ არ ვართ მოწყვეტილი სამყაროს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე, ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძული და ყოველთვის მნიშვნელოვანია რჩევების მოცემა. თუმცა ელჩების მონაწილეობას პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტების განხილვაში, აქვს ერთი რისკი. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი ხარ უშუალო მონაწილე, დეფინიციითვე ხდები მიკერძოებული რაღაც აზრის მიმართ. ეს იწვევს მიმხრობას ამა თუ იმ პოზიციის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს თავად დიპლომატიურ წარმომადგენლობებს. საზოგადოებაშიც ხომ სხვადასხვა აზრებია და მას, ვინც ამა თუ დიპლომატის საწინააღმდეგო პოზიციაზეა, უჩნდება ნეგატიური წარმოდგენები უპირველეს ყოვლისა დიპლომატიური წარმომადგენლის მიმართ, რომელიც შემდეგ უკვე აბსტრაგირდება იმ ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც დახურულ კარს მიღმა და საჯაროდ გაკეთებული კომენტარები განსხვავებულია, ამიტომ ელჩების მსგავსი მონაწილეობა საჯარო უნდა იყოს.

"მეორე მანკიერებაც აქვს ასეთ მონაწილეობს, რომ ხშირად არის დახურულ კარს მიღმა, რაც კი ბატონო გასაგებია, თუმცა მთავარ გაკვირვებას ის იწვევს, რომ როდესაც დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე და იქ რაიმე კონტრარგუმენტი არ გვესმის, პირიქით, დათანხმებაცაა ხოლმე, მაგრამ შემდეგ საჯარო კომენტირებისას სხვა პოზიციები ჟღერდება, ეს რა თქმა უნდა, არაა სწორი. ამიტომ, თუ არის სურვილი მონაწილეობისა შიდა პოლიტიკურ დისკუსიებში და კანონპროექტების განხილვაში, იყოს ეს საჯარო. სამწუხაროდ, ამ თემასთან და ზოგიერთ სხვა თემასთან დაკავშირებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დოგმატიზმის ყრუ კედელს ვეჯახებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩებთან ე.წ. რუსული კანონი განიხილა. 15 აპრილს, პრემიერი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და მისთვის გაუგებარია, რატომაა მიუღებელი. ამასთან, პრესრელიზში ნახსენები არაა, რა პოზიცია დააფიქსირეს ელჩებმა, რომლებიც კანონს საჯაროდ აკრიტიკებდნენ. პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ელჩები ირაკლი კობახიძესთან საპროტესტო ნოტით მივიდნენ.

14 აპრილს, ირაკლი კობახიძემ “რუსული კანონის” თემაზე ელჩებს მიმართა და კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია შესთავაზა. განცხადების მიხედვით, კანონპროექტზე რამდენიმე დიპლომატის კრიტიკული განცხადება მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები