მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ თავად იუპიტერები არიან და საქართველო არის ხარი - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ე.წ. რუსულ კანონს აკრიტიკებენ "უცხოელ აქტორებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ საქართველოში პანიკის შექმნის სურვილი აქვთ.

პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კვლავ გაიმეორა, რომ მსგავსი კანონები სხვაგანაც მიღებულია ან განიხილება.

„გუშინ ვნახეთ მაგალითად, რომ კანადაში ინიცირდება მსგავსი კანონი, ვნახეთ სხვა ქვეყნებში როგორი მიდის განხილვა ამ თუ იმ ინიციატივის. ესაა მთელი ამ პროცესის ფარისევლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთს ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ თავად იუპიტერები არიან და საქართველო არის ხარი, ის რაც იუპიტერისთვის დასაშვებია, ქართველებისთვის და პატარა ერისთვის დასაშვები არ არის. ეს სამწუხარო მიდგომაა. განხილვაზე პანიკა არის კანადაში? არაა და რატომაა ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან საქართველოში პანიკის შექმნის სურვილი. რა თქმა უნდა, აქ თავად ამ აქტორების ინტერესია. საქმე ევროკავშირის, აშშ-ის თანხებს ეხება, რომელიც ფარულად იხარჯება საქართველოში",- ამბობს პაპუაშვილი.

მისივე მტკიცებით, ქართველი ხალხი კანონს მხარს უჭერს და ამიტომ, პარლამენტი მას მიიღებს.

"საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებაა, მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს და მიიღებს. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსების მოსაზრებებს, უცხოელი აქტორების, ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით სამხედრო დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ, მოგვიწოდებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა, ზოგიერთი დღემდე არ იშლის, ასეთი ადამიანები როდესაც შემდეგ კანონებთან დაკავშირებით მოგვიწოდებენ რაღაცას, რა თქმა უნდა, მათ მიმართ ნდობა ნაკლებია. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებთან ურთიერთობას, ყველასთან მზად ვართ საუბრისთვის, ყველას ვუხსნით რა გარემოებებია. სამწუხაროდ, დღემდე რაიმე ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია", - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები