პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩებთან ე.წ. რუსული კანონი განიხილა. კერძოდ, პრემიერი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და მისთვის გაუგებარია, რატომაა მიუღებელი.
ამასთან, პრესრელიზში ნახსენები არაა, რა პოზიცია დააფიქსირეს ელჩებმა, რომლებიც კანონს საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ირაკლი კობახიძემ “რუსული კანონის” თემაზე ელჩებს მიმართა და კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია შესთავაზა. განცხადების მიხედვით, კანონპროექტზე რამდენიმე დიპლომატის კრიტიკული განცხადება მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ელჩები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტეს, რომ შეხვედრა 1 კვირის წინ ჩაინიშნა.
პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ელჩები ირაკლი კობახიძესთან საპროტესტო ნოტით მივიდნენ.