ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მკაცრად აკრიტიკებს და მას ტრაგიკულ პიროვნებას კიდევ ერთხელ უწოდებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა ჰერჩინსკი ევროკავშირის ყოფილ ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეადარა და აღნიშნა, რომ ორივე დიპლომატს „ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებდნენ“.
„ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი. იცით, როგორ დაამთავრა საკუთარი დიპლომატიური კარიერა ბატონმა ჰარცელმა. ყველაფერი აკადრებინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ბოლოს წესიერი სამსახურიც კი არ აღირსეს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც, ყველაფერს აკადრებინებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბატონ ჰერჩინსკის და ამიტომ არის ეს პიროვნება ნამდვილად ტრაგიკული. სხვა კომენტარი მასზე არ შეიძლება, გაკეთდეს. ეს ადამიანი პირდაპირ, უხეშად ერეოდა ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში, პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, არაკონსტიტუციური პარტიების სასარგებლოდ და პირდაპირ ახალისებდა ძალადობას ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ადამიანთან დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე სიღრმისეული კომენტარის გაკეთება.“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ საპასუხო რეჟიმში მოქმედებს და ევროპელი დიპლომატების მხრიდან გაჟღერებულ „დაუსაბუთებელ ბრალდებებს“ იგერიებს.
მისი თქმით, ელჩის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა პირდაპირ ქართველ ხალხზე თავდასხმას უთანაბრდება.
„გუშინ ქართველ ხალხს დაესხა თავს ევროკავშირის ელჩი და ამას ვპასუხობ. ის დაესხა თავს ქართველ ხალხს გუშინ, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას თავს ესხმის, ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ჩვენ ვპასუხობთ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვართ ხოლმე პასუხის რეჟიმში, ჩვენ არასდროს არ ვიწყებთ ხოლმე ჩვენი კრიტიკული განცხადებებით. ისინი რაღაცას ამბობენ, თან ამბობენ სრულიად სამარცხვინოდ, დაუსაბუთებლად და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა.“
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, რადგან მმართველი პარტიის პოლიტიკური არჩევანისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამო ქვეყანამ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში სერიოზული უკუსვლა განიცადა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად შეინარჩუნა.
ამასთანავე, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უცვლელად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ქვეყნის ევროპული გზა კვლავ ღია დარჩება, თუ ხელისუფლება კურსს შეცვლის და დემოკრატიულ პრინციპებს დაუბრუნდება.
























