საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 23 ოქტომბერს დაამტკიცა.
დადგენილებაში წერია, რომ ორგანული კანონის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის მოხდა ნუსხის განსაზღვრა.
222 მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით.
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
330-ე მუხლი ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება
1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 3311 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
- საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
- საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
- საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
- საქართველოს საპატრიარქო;
- სასაზღვრო გამტარი პუნქტი;
- საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი;
- ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალი;
- გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი);
- გაზშემკრები სადგური;
- ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად;
- მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი);
- ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა;
- იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს;
- სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი;
- სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე;
- თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
- ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა;
- შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა;
- ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი);
- რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
- მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი;
- მეტროპოლიტენი;
- აეროპორტის ტერიტორია.
შეგახსნეებთ, განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხა, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის საფუძველზე, 2003 წელს, ურბანიზაციის და მშენებლობის მინისტრის #58 ბრძანებით განისაზღვრა. ნუსხა 21 პუნქტისგან შედგებოდა. მთავრობამ 2008 წელს სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეამცირა, შეიცვალა ტერმინიც და „სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი“ ნუსხის სახელწოდებიდან ამოვარდა.
2014 წელს, იმჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა:
„საქართველოს კანონი განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სტრატეგიული ობიექტების ცნება აღარ არსებობდა და ჩემი ინფორმაციით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა გაუქმებული იყო. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ განახლდეს სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალი და მთავრობამ აღნიშნული ნუსხა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნოს“.
თუმცა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისა, სხვა, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა ამ დრომდე არ არსებობს.