მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალების ჩართულობა ბიზნესში და მწვანე ეკონომიკის განვითარება - რას მოიაზრებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია?

64c26f7fd36ae
სალომე ხიდურელი
27.07.23 20:32
497
საქართველოს მთავრობამ 2023-2025 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელშიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის დაგეგმილი აქტივობები და დაფინანსების ალტერნატიული წყაროებია გაწერილი. მსგავსი სტრატეგიული გეგმა საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ 2016-2020 წლებშიც განახორციელა.

საკითხზე, თუ მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სახელმწიფო ხელშეწყობას და რა განასხვავებს ახალ სტრატეგიას წინა წლებში გაწერილი გეგმისგან, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ SMEDA-ს აღმასრულებელი დირექტორი გიგა ფაიქიძე საუბრობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სტრატეგიები არსებობს და იქმნება. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია. 2016-20 წლებისა და წლევანდელ დოკუმენტს შორის განსხვავება ისაა, რომ წელს პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ ქალების ჩართულობა ბიზნესში და მწვანე ეკონომიკის განვითარება დაემატა. აღსანიშნავია, რომ ორივე სტრატეგია ევროპის მცირე ბიზნესის აქტს სრულად ეფუძნება, რაც ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას გულისხმობს“, - ამბობს ფაიქიძე.

SMEDA-ს (მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია) დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ ახალი გეგმით გრძელვადიანი მიზნებია გათვალისწინებული, რის გამოც რთულია, წინასწარ განსაზღვრო, რა შედეგები დადგება: „ეკონომიკის სამინისტრო თავად აქვეყნებს ანგარიშს და აქ ჩანს, რომ 2016-20 წლების სტრატეგიის სამიზნე მაჩვენებლები შესრულებულია. რაც შეეხება მეორე სტრატეგიას, იმედისმომცემადაა გაწერილი, თუმცა რეალობაში რამდენად ეფექტური იქნება და რა შედეგებს მოგვცემს მოკლე ვადაში - ეს საკამათო საკითხია“.

ასოციაციის დამფუძნებელი BMG-ს ეთერში მცირე და საშუალო ბიზნესების დეფინიციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად არსებული ოფიციალური განმარტებისა, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ამ განსაზღვრებით თვითიდენტიფიცირება რთულია.

„ნაციონალურ დონეზე ჩვენ გვაქვს განმარტება, რომელიც 2017 წელს შეიცვალა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა, თუმცა ბევრ გაურკვევლობას იწვევს.

2016 წლამდე მცირე ბიზნესად ითვლებოდა კომპანია, რომელსაც 20-მდე თანამშრომელი და 500 000 ლარამდე წლიური ბრუნვა ჰქონდა, ხოლო საშუალო ბიზნესად მეწარმე 50 დასაქმებულითა და ₾1.5 მლნ-ზე ნაკლები ბრუნვით. ეს რიცხვები შეიცვალა და წელს მცირე ბიზნესად ითვლება ₾12 მლნ-მდე ბრუნვა, საშუალო ბიზნესად კი - ₾60 მლნ-მდე ბრუნვა. ეს დეფინიცია ქართულ რეალობას არ არის მორგებული, რისი დამადასტურებელი ისიცაა, რომ კერძო სექტორი თავად განსაზღვრავს ბიზნესების კლასიფიცირებას“, - ამბობს გიგა ფაიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები