საქსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2023 წლის II კვარტალში მცირე და საშუალო ბიზნესებზე ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის მხოლოდ 36% მოდის. ამის მიუხედავად, სხვადასხვა მაკროეკონომიკური მონაცემების, გაცვლითი კურსის და ინფლაციის, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებამ ეკონომიკური ზრდაც გამოიწვია. რამდენად აისახა ყველა ეს ფაქტორი მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე, BMGTV-ს გადაცემა “წერტილში” მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელმა გიგა ფაიქიძემ ისაუბრა.
“ბუნებრივია, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა, პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ მცირე და საშუალო, არამედ მსხვილ ბიზნესზეც. ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკურ ზრდაზე და ამის გარკვეული წილი, ბუნებრივია, მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის.
მართალია, აღნიშნული სტატისტიკა ყველაფერს გვეუბნება, თუმცა გააჩნია, საიდან შევხედავთ ამ ყველაფერს. თუნდაც საწარმოთა ბრუნვის 36%, რომელიც მცირე მეწარმეებზე მოდის, ძალიან ბუნდოვანია, რადგან დეფინიციაა ბუნდოვანი. ჩვენ თუ შევხედავთ რეალურ მცირე მეწარმეებს, SARAS-ის დეფინიცია მეოთხე კატეგორიის ₾2 მლნ-მდე ბრუნვის მქონე მეწარმეებს გულისხმობს - ბევრად უფრო რეალისტურია. თუ დავუშვებთ, რომ 36%-ში შედის ისეთი მეწარმეები, რომლებსაც 2 მლნ-ზე მეტი ბრუნვა აქვთ, გამოვა, რომ ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, განახევრდეს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია საუკეთესო ევროპულ მაგალითთან შედარებით. იგივე შეიძლება ითქვას დასაქმების მაჩვენებელზეც, ოფიციალური სტატისტიკით, დაახლოებით 66%-მდე ასაქმებს მცირე და საშუალო ბიზნესი, თუმცა აქაც დეფინიციამდე მივდივართ, რადგან 60 მლნ-მდე ბრუნვის მქონე კომპანიას უფრო მეტი დასაქმებული ეყოლება, ვიდრე 2 მლნ-მდე ბრუნვის მქონე ბიზნესს”, - ამბობს გიგა ფაიქიძე.
მისი თქმით, მცირე და საშუალო მეწარმეობის დეფინიციის ბუნდოვანება ბიზნესისათვის პოზიტიურ მონაცემებსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ძალიან დიდია იმ საწარმოების წილი მთლიან მცირე და საშუალო ბიზნესპორტფელში, რომლებიც ძალიან მცირე ბრუნვას აგენერირებენ წლის განმავლობაში. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მცირე ბიზნესის განვითარებაზე, ეს რიცხვები, რომლებიც ერთი მხრივ საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება, შესაძლოა, არ იყოს ასეთი პოზიტიური.
მე არ ვისურვებდი, რომ დეფინიცია შევცვალოთ, უმჯობესია, მცირე ბიზნესების გაზრდა-განვითარებაზე ვიზრუნოთ. თუმცა წელი საკმაოდ კარგია, რაც ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო მოხდა და, თავის მხრივ, გრძელ ვადაში გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული”, - ამბობს გიგა ფაიქიძე.
საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა ₾48 მლნ-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის თითქმის 64% მსხვილ ბიზნესებზე მოდის, 15.2% საშუალოზე, ხოლო 21% მცირე ბიზნესებზე. გარდა ამისა, ასევე საქსტატის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში დასაქმებული 738 ათასი ადამიანიდან, 43,3% მსხვილ, 20,8% საშუალოზე, 35,9% კი მცირე ბიზნესზე მოდის.