მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ლიკვიდურობა, რათა არ დაიხრჩოს ვალდებულებებში - გიგა ფაიქიძე

გიგა ფაიქიძე

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელ გიგა ფაიქიძის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რამაც ბიზნესში მოლოდინები გააუარესა, მცირე და საშუალო ბიზნესის მთავარი გამოწვევა დღეს ლიკვიდურობაა [ნაღდი ფული].

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა.

„მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ლიკვიდურობა... სახელმწიფოს და საფინანსო ინსტიტუტების ერთობლივი კოორდინაციით ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ მომდევნო 3-6 თვე მცირე და საშუალო ბიზნესი არ დაიხრჩოს ვალდებულებებში“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ.

SMEDA-ს დამფუძნებლის აზრით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია, როგორც მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების მოდიფიცირება და ბიზნესის საჭიროებებზე მორგება, ისე - ახალი პროგრამების შემუშავება.

- იმედს გამოვთქვამ, რომ შესაბამისი უწყებები ფიქრობენ და ზრუნავენ [მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე]...

- უფრო კონკრეტულად, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ბიზნესს? მაგალითად, პანდემიის დროს გამოყენებული მექანიზმებია საჭირო? - მაგალითად, გადასახადების გადავადება ან ჩამოწერა, სესხების გადავადება და ა.შ.

- მოკლე ვადაში მისაღები შედეგებით პანდემიის კრიზისი და დღევანდელი კრიზისი შეიძლება იყოს ძალიან მსგავსი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესებს მაშინაც ლიკვიდობის პრობლემა შეექმნათ და დღესაც იგივე ელოდებათ... ტურიზმის სექტორში [პრობლემები] უკვე გამოხატულია. შესაბამისად, მხარდაჭერის მექანიზმი შეიძლება დაკავშირებული იყოს საბანკო ვალდებულებებთან, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ პირდაპირ დახმარებებთან, რათა მიეცეს მეწარმეს საშუალება, რომ გადაიაროს ეს პერიოდი, რადგან თუ გადარჩება, შემდეგ ის იმუშავებს, ვალდებულებებსაც დააბრუნებს და შეიძლება უფრო წარმატებულიც გახდეს. ახლა მთავარია, მივიდეს იმ წერტილამდე, რომ სტაბილურად განაგრძოს მუშაობა... მოკლედ, მხარდაჭერის მექანიზმი ბევრია და გამოცდილებაც გვაქვს; აქ საჭირო არაა ველოსიპედის გამოგონება, მთავარია ნება და სურვილი...

- ხომ არ აპირებთ, შესაბამის უწყებებს მიმართოთ და მოუყვეთ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების თაობაზე?

- განვიხილავთ და ვფიქრობთ ამ საკითხზე... ჯერჯერობით, კონკრეტული შეთავაზება სახელმწიფოსთვის არ გაგვიკეთებია, მაგრამ ალბათ ის დროც დადგება, როდესაც მივალთ კონკრეტული ინიციატივით, არა მხოლოდ SMEDA, არამედ ეს შეიძლება იყოს სხვა ბიზნესასოციაციებთან კოლაბორაცია.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიგა ფაიქიძემ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობაზეც ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები (ე.წ. ზრდის ჰაბები).

„ხშირად ვამბობ, რომ ეს არის რევოლუციური პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, - აღნიშნა SMEDA-ს დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: "Growth Hubs"-ი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობას და მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები