მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში პირველი ქართულ-ამერიკული ბიზნესკლუბი დაფუძნდა - CoNet-ის გეგმები

აშშ

აშშ-ში პირველი ქართულ-ამერიკული ბიზნესკლუბი CoNet-ი დაფუძნდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ქართული ბიზნესების ერთმანეთთან დაკავშირებას, მათ შორის საქმიანი ურთიერთობების შექმნას და გაღრმავებას, ასევე სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით კლუბი წევრი ბიზნესების განვითარების და წარმატების მიღწევაში მხარდაჭერას. CoNet-ის დამფუძნებლები მთავარ მისიად შეერთებულ შტატებში ქართული საზოგადოების ბიზნეს პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდას და საერთაშორისო მასშტაბით ქართული საწარმოების ზრდის ხელშეწყობას ასახელებენ.

ბიზნესპლატფორმის დამფუძნებლები კი საქართველოსა და აშშ-ში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები თამუნა ქემერტელიძე, გოგა თაბუკაშვილი, გიგა ფაიქიძე და თიკო მაღრაძე არიან.

CoNet-ის დაფუძნების იდეასა და მიზნებზე „საქმიან დილაში“ კლუბის დამფუძნებელმა და ასევე SMEDA-ს ხელმძღვანელმა გიგა გაიქიძემ და ქართულ-ამერიკული ბიზნესკლუბის დამფუძნებელმა თიკო მაღრაძემ ისაუბრეს.

„იდეაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური პროექტის წამოწყება ძალიან რთულია, რამდენიმე თვის წინ ისე დაემთხვა, რომ ახლა უკვე ჩემი პარტნიორი თიკო მაღრაძე თავის პარტნიორებთან ერთად მსგავს იდეაზე მუშაობდა და ჩვენი კოლაბორაციით შეიქმნა ქართულ-ამერიკული ბიზნესკლუბი, რომელიც ქართულ და ამერიკულ ბიზნესს შორის ერთგვარი ხიდი იქნება.

ამერიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა წარმატებულ ბიზნესებს მართავენ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული რესურსები და იდეები აქვთ და აშშ-ში ან საქართველოში ბიზნესის წამოწყებისას მხარდაჭერა სჭირდებათ“, - განმარტავს SMEDA-ს ხელმძღვანელი გიგა ფაიქიძე.

ბიზნესპლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს თიკო მაღრაძე CoNet-ის მუშაობის პროცესსა და მასში ჩართული მხარეების შესახებ საუბრობს.

„კლუბის სტრუქტურა ისე მოვაწყვეთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ის ჰორიზონტალური იყოს. ჩვენ გვყავს ექსპერტები ამერიკიდან და საქართველოდან, რომლებიც კონკრეტულ სფეროზე მუშაობენ, მაგალითად ფინანსური, ფანდრაიზინგის, საგადასახადო მიმართულებით... ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ინდივიდებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა, კომპანიებმა ან კორპორაციებმა, რომლებიც უკვე ოპერირებენ რომელიმე ქვეყანაში, ან გეგმავენ პორტფოლიოს გაზრდას და დიდი მასშტაბებზე გასვლას, მთელი რიგი ბიუროკრატიული ნაბიჯები გაიარონ და კომერციული მოლაპარაკებები აწარმოონ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ქვეყანაში თუ სწორი მრჩეველი არ გყავს და საუკეთესო პრაქტიკა არ იცი. არავინ გიზიარებს ინფორმაციას. აქედან გამომდინარე ბიზნესკლუბი ის პლატფორმაა, რომელიც ყველა ქვეყანაში კარგად მუშაობს და ჩვენ დავაკავშირებთ ამ ადამიანებს და ისინი თავისი ბიზნესის განვითარების სწორი პრაქტიკის გაზიარებით შეძლებენ.

ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ინდუსტრიაში ოპერირებენ და ეს ყველაფერი კონსულტაციების ჯგუფებთან და სხვადასხვა პლატფორმებთან ერთად, ჩვენი პარტნიორების დახმარებით გავწევთ იმ სერვისს რაც ბიზნეს კლუბის კომპეტენციაში არ შედის“, - განმარტავს თიკო მაღრაძე და დასძენს, რომ CoNet-ი იქნება ბიზნესის გზამკვლევი, რომელიც ბიზნესის რეგისტრაციიდან დაწყებული ციფრული მარკეტინგით დასრულებული საქმიანობის განვითარების გზაზე ინფორმაციის მიწოდების კუთხით დაეხმარება.

ბიზნეს კლუბის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ პლატფორმის მიმართ ინტერესი როგორც საქართველოში, ასევე ბიზნესის მხრიდან დიდია და შესაბამისად მიმართვიანობასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინებიც მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები