რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - ამ კითხვას BMGTV-ს გადაცემა “წერტილში” მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის, SMEDA-ს დამფუძნებელმა, გიგა ფაიქიძემ უპასუხა.
მისი მოსაზრებით, საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით, მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო მეტი ხელშეწყობა და მოქნილობა სჭირდება.
"კარგი იქნება, თუ საგადასახადო სისტემა გახდება უფრო ლოიალური, ფოკუსი იქნება უფრო გრძელვადიან განვითარებაზე და არა დღეს გადასახადების ადმინისტრირებაზე - ამის მოდელები არსებობს, მათ შორის ჩვენს ახლომდებარე ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს ცუდი საგადასახადო სისტემა და ეს ბიზნესისთვის დიდი წნეხია, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება უფრო მეტი ხელშეწყობა, უფრო მოქნილობა საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით.
ვადასტურებ, რომ შემოსავლების სამსახური ცდილობს, იყოს მეგობრული, მაგრამ ვგულისხმობ მთლიანად სისტემას, თუნდაც საგადასახადო განაკვეთებს, რომლის შემცირების რესურსიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ჩემი აზრით, არსებობს. თუნდაც გარკვეულ დრომდე, ვიდრე ის ფეხზე დადგება, გაძლიერდება და შემდეგ პირიქით, მსხვილ გადასახადის გადამხდელად ჩამოყალიბდება და ბიუჯეტისთვის სარგებელს მოიტანს. შეიძლება, ძირითადი გადასახადები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის იყოს განსხვავებული, თუნდაც სხვადასხვა მაჩვენებლებზე მიბმული, რომელსაც როცა მიაღწევს ბიზნესი, შემდეგ შეეცვლება განაკვეთი. არის ამის ძალიან კარგი მაგალითები, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ცდილობენ მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებას და ერთი მხრივ ეს კარგია შიდა მოხმარებისთვის და მეორე მხრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, სადაც ასევე არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა”, - აცხადებს გიგა ფაიქიძე.
SMEDA-ს დამფუძნებელი სასამართლოში ბიზნესდავების პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი “მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგია 2021-2025”-შიცაა გათვალისწინებული.
“არ შეიძლება, არ შევეხოთ სასამართლო სისტემასაც. ბიზნესდავები უსასრულოდ იწელება, როცა ბიზნესმენს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რეალურად მიიღოს ის, რისთვისაც ამ დავას იწყებს და გამოდის, რომ ის ძალიან დიდ რესურსებს დავის წარმოების პროცესში კარგავს. აქ ალბათ ფუნდამენტურად არის რაღაც შესაცვლელი. დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარება სტრატეგიის ნაწილიცაა, მაგრამ არბიტრაჟის განვითარებაზე საუბარი, რაც თავი მახსოვს, მიდის, თუმცა ბიზნესში პოპულარული მაინც არ არის”, - ამბობს გიგა ფაიქიძე.