Smeda ბიზნეს-კლუბს აფუძნებს. როგორც „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის“ დამფუძნებელმა გიგა ფაიქიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამეწარმეო კულტურის განვითარებაა.
მისი თქმით, კლუბი ექსპორტის მიმართულებითაც იმუშავებს.
„მსგავსი ბიზნეს-კლუბი საქართველოში არ არსებობს. კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამეწარმეო კულტურის განვითარებაა. Smeda თავის წევრებს ისედაც სთავაზობს გარკვეულ სერვისებს, ტექნიკურ დახმარებას, ადვოკატირებას და ა.შ, მაგრამ გვინდა კლუბის მიმართულებით უფრო მეტად გამოვკვეთოთ პერსონალური განვითარების მიმართულება უშუალოდ მეწარმეებში და ამ კუთხით ბევრი სხვადასხვა აქტივობა იქნება.
ვგეგმავთ, რომ ეს კლუბი მხოლოდ საქართველოში არ ჩავკეტოთ და იგივე ექსპორტთან კავშირი ამ კუთხითაც გავამყაროთ, რომ კლუბიდან უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობდეს თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორებთან დაკავშირების თვალსაზრისით.
კლუბის წევრები არა მარტო Smeda -ს წევრები არამედ სხვებიც იქნებიან, რადგან კონცეფცია განსხვავებულია და თუ ჩვენ მიზნად ვიღებთ იმას, რომ ქვეყანაში სამეწარმეო პრაქტიკა განვავითაროთ, რა თქმა უნდა ამას კონკრეტული აუდიტორიით ვერ შევზღუდავთ“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ.