კომპანია „B&N ჯგუფი“, რომელიც წყალტუბოში ორ აბანოს, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორნებს და სხვა აქტივებს ფლობს, ამ დროისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 აბანოდან ერთ-ერთის მართვის უფლებით გადაცემით არის დაინტერესებული. ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა დავით კაკაბაძემ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვთ.
როგორც ბიზნესმენი ამბობთ, „B&N ჯგუფის“ მართვა-მფლობელობაში არსებული სპა-ცენტრები უკვე სრულად არის დატვირთული, ამიტომ კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს, თუმცა წინა წლის ბოლოს სპა-კომპლექში გაჩენილმა ხანძარმა საინვესტიციო გეგმები ოდნავ დააკორექტირა.
- 2023 წელს ბალენოლოგიურ მიმართულებით 7000 კლიენტს მოვემსახურეთ და წლიურად 5%-იანი ზრდა გვქონდა. უფრო მეტ კლიენტს ვერ ვემსახურებით, ამიტომ ვცდილობთ გავფართოვდეთ - ან გავადიდოთ ჩვენი კომპლექსი ან მთავრობასთან ვართ კომუნიკაციაში, რომ ერთი კომპლექსი/აბანო დაგვითმონ, რაც სახელმწიფომ 2021 წელს გამოსიყიდა. მგონია, რომ თავად სახელმწიფოც დაინტერესებულია და ეძებს ინვესტორებს, რომლებიც ამ აქტივებს სწორად განავითარებენ.
- მთავრობამ ე.წ. წყალტუბოს წყლები (ექვსი აბანო უძრავ-მოძრავი ქონებით) 2021 წლის ბოლოს მილიონერ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან $8.1 მილიონად გამოსყიდა. 2024 წელი დაიწყო და ჯერჯერობით, არაფერი გაუკეთებია?
- რამდენადაც ვიცი, როდესაც წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ სთავაზობენ ინვესტორებს, კომუნიკაციის დროს აბანოებზეც ესაუბრებიან - თუ სანატორიუმის შეძენა გინდათ, ხომ არ გსურთ რომ სპა კომპლექსი გქონდეთ? რაც ვფიქრობ, სწორი მოდელია, რადგან კონკურენცია ყოველთვის უკეთესია და არ შეიძლება აბანოები ერთი ან ორი მფლობელის ხელში იყოს.
- თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფოსთან ხართ კომუნიკაციაში, დაგითმონ ერთი აბანო? რა იგულისხმეთ - ყიდვა თუ იჯარა-მართვის უფლებით გადაცემა?
- მართვის უფლება...
- ყიდვას რატომ არ განიხილავთ?
- სამწუხაროდ, შარშან, დეკემბერში ჩვენ ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა და გეგმები შეგვეცვალა - ახლა რეაბილიტაციაში ვდებთ ინვესტიციას, მაგრამ ვფიქრობთ, გავიზარდოთ , რადგან სპა მიმართულებით ისეთი დატვირთული ვართ, რომ რესურსი ამოვწურეთ,
- შეჯამებისთვის - დღეს, წყალტუბოში სპამიმართულებით სულ მოქმედია თქვენი ორი აბაზანა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მე-6 აბაზანა?
- დიახ.
- და დანარჩენ ხუთ აბაზანაში ისევ არაფერი ხდება? ინვესტირება-განვითარება არ დაწყებულა?
- ეძებენ <ინვესტორებს>... ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ მთავარი რაც მოხდა, ისაა, რომ ინვესტორებს სთავაზობენ. ადრე ამის შესაძლებლობა არ იყო.
BMG ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობით მიმართავს, რათა მეტი დეტალი გავიგოთ, რა ღონისძიებებს ახორციელებს მთავრობა ე.წ. წყალტუბოს წყლების განვითარებისთვის და აბანოების ასამოქმედებლად.