მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ვარკეთილის მეტროსთან დაკავშირებულ ₾1.8-მილიონიან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა გასცა - განკარგულება

ვარკეთილის მეტრო

შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1.8 მლნ ლარად შეისყიდის.

მთავრობამ შესაბამის შესყიდვაზე თანხმობა 24 ივლისის განკარგულებით გასცა.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს - თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცეს უფლება, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დახრილი საესკალატორო გვირაბის კაპიტალური რემონტის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანიის საკუთარი სახსრებიდან, 1,800,000 ლარის ფარგლებში",- წერია განკარგულებაში.

12 ივლისიდან, რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებისთვის 45 დღით დაიხურა. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა. ასევე, თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. პროექტის მთლიანი ხარჯები, დახრილი გვირაბის რემონტთან ერთად, 16.5 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა (არა მზიდი კონსტრუქცია). 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ამჟამად ის 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები