ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ზრდის დინამიკას მოკლევადიანი ფაქტორები განსაზღვრავს და არა - გრძელვადიანი.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ წინა წლების მსგავსად, ეკონომიკური ზრდის ძირითად მიზეზებს, წელსაც გარე ფაქტორები განაპირობებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვარტალური ანგარიშის თანახმად, წელს, იანვარ-მარტში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა. საქსტატი გვეუბნება, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ტრადიციულად საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რომელშიც შედის ავტომობილების რემონტი - ამ სექტორის წონა 13.2 პროცენტია. მას მოსდევს ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორი (10.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), დამმუშავებელი მრეწველობა (8.2 პროცენტი), ხუთეულშია სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა. დანარჩენს ეკრანზეც ხედავთ. რაც შეეხება იმას, ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა პირველ კვარტალში და რომელ სექტორებშია კლება, საქსტატის მიხედვითვე, ზრდის ტემპით კვლავ პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორი, რომელიც IT სექტორსაც აერთიანებს. სექტორის ზრდამ 36% შეადგინა, ხოლო თანხობრივად სექტორის ზომამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რითაც საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის შემდეგ მეორე პოზიცია დაიკავა.ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა ტრანსპორტის ანუ ლოგისტიკის სექტორი, სადაც მატება 18%-ს შეადგენს, ხოლო სექტორის ზომამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორია 17.4%-ის ზრდით, ხოლო სექტორის ზომამ კი 214 მილიონი ლარი შეადგინა.
ეკონომისტის თქმით, ეკონომიკის ნამდვილი განვითარება ტექნოლოგიურ წინსვლასა და ინსტიტუციურ სიმტკიცეზე დგას, რაც ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე გლობალურ ბრენდად აქცევს.
"ეკონომიკურ მეცნიერებაში მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფაქტორები დროის მონაკვეთით არ განისაზღვრება. საგარეო შოკებით გამოწვეული ეფექტი შესაძლოა, რამდენიმე წელსაც გაგრძელდეს, თუმცა ეს ქვეყნის ფუნდამენტურ პროგრესს არ ნიშნავს. ფუნდამენტური განვითარება, პირველ რიგში, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ინსტიტუციურ სიმტკიცეზე დგას. ეს პროცესი კი შეუძლებელია თანამედროვე ცოდნის, ტექნოლოგიების, საერთო კვლევებისა და ინვესტიციების გარეშე, რაშიც დასავლელი პარტნიორების მონაწილეობა გადამწყვეტია. სწორედ ეს არის გრძელვადიანი განვითარების გზა”, - განაცხადა ეკონომისტმა.
აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი უნიკალური ნიშით ან წარმოებით ვერ იბრენდება, როგორც ეს წამყვანი დასავლური ეკონომიკების შემთხვევაში ხდება.
მისი თქმით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობა დიდწილად დამოკიდებულია ICT (ინფორმაციული და კომუნიკაციების) სექტორში საგადასახადო შეღავათებით გამოწვეულ მიზიდულობაზე, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომითა და ირანში არსებული ვითარებით გამოწვეულ სატრანსპორტო-სასაწყობო ბუმსა და ავტომობილების რეექსპორტზე.
ეკონომისტის პროგნოზით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ფაქტორები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. "ეს ომიც დასრულდება და როგორც კი ყველაფერი დასრულდება, სულ სხვანაირად შეიცვლება უკვე სურათი", - დასძინა აკაკი ცომაიამ.
ამასთან, ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან ზრდა ამგვარ დროებით ფაქტორებზეა მიბმული, ბიზნესგარემო სრულად არაპროგნოზირებადი ხდება.
"საქართველოს მთავრობას არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას გრძელვადიანი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მიმზიდველს გახდიდა - პირიქით, გატარებულმა პოლიტიკამ პოტენციური განვითარების ტემპი შეაფერხა… მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გრძელვადიანი ზრდის პროცესი შენელდეს. საგარეო პოზიტიური შოკების ფონზე მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღმა, ქვეყანაში ფუნდამენტური პრობლემები ღრმავდება, მათ შორის მზარდი კრიმინალის სახით, რაც მომავალში ტურიზმის სექტორსაც დაარტყამს", - აღნიშნა მან.




























