მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას covid-პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი რომ გამოეყენებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? - ცერცვაძე

61826c981bb7a
ინგა მურუსიძე
03.11.21 15:23
631
ეპიდემიოლოგი, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს როგორც გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას, ისე იმუნიზაციის წახალისების მიზნით, ე.წ. "მწვანე პასპორტების" მექანიზმის ამოქმედებას, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ნების დეფიციტი აჭიანურებს. ეს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც, ფაქტობრივად, დაადასტურა. „წინადადებები "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით მზად არის, ტექნიკური მზაობა არსებობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს დღეებში მიიღება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავის მხრივ, საკუთარი პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემდეგ თენგიზ ცერცვაძე შეეცადა აეხსნა, რატომ ჭიანურდება სავალდებულო ვაქცინაციის თუ ე.წ. "მწვანე პასპორტის" მექანიზმის ამოქმედება. 

„კითხვა იყო, ეს სახელმწიფომ აქამდე რატომ არ გადაწყვიტაო... არ არის ეს საქართველოში იოლი მისაღები, რადგან ევროპის ქვეყნებშიც კი იყო <საპროტესტოს> გამოსვლები; მაგალითად, იტალიაში, სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო. დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ და პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ covid-პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! თუმცა ვფიქრობ, ახლა დადგა დრო და სხვა გზა არ არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და მისი მოადგილის პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი სავლდებულო ვაქცინაციის მომხრეები არ არიან. თენგიზ ცერცვაძის თქმით, პირადად ის ყოველთვის, ყველგან ამბობს, რომ  გარკვეული ჯგუფებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო და ასევე, არსებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

„ჯერჯერობით, არ მგონია, რომ ამის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ალბათ უფრო ფიქრობენ, რომ ეს ძნელი შესასრულებელია. მე ექიმი ვარ და რჩევის მიცემა ადვილია, ის აღმასრულებელი პირია და აღსრულება გაცილებით რთულია. ჩვენს ქვეყანაში შეზღუდვები იყო დაწესებული; მაშინ ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ერჩივნათ კოვიდით მომკვდარიყვნენ, ვიდრე შეზღუდვებით და ეკონომიკურ სიდუხჭირეში ეცხოვრათ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მართლა კოვიდით სიკვდილი ერჩივნათ. ასეთია განწყობა მოსახლეობაში, რადგან ყველა ფიქრობს, რომ კოვიდით სიკვდილი მას არ ეხება, ხოლო შეზღუდვა ეხება. ასე იოლად ნუ ჩათვლით, რომ ხელისუფლება არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე არ მიდის, ძნელია ამის გაკეთება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები