მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია

კანცელარია

მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებისთვის დამატებითი აქტი არ გამოუცია - ამის შესახებ bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

"საქართველოს მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით დამატებითი აქტი ან დოკუმენტი არ გამოუცია. მთავრობამ იხელმძღვანელა იმ დოკუმენტით, რომელიც გამოცემულია 2019 წელს „პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების“ წესით. ამ დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიას შეუძლია", - განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაციაში არ აზუსტებენ კონკრეტულად რომელმა კომპანიამ მიაწოდა საწვავი ოკუპირებულ რეგიონს და განმარტავენ, რომ ქვეყანაში ამ სტატუსის მქონე რამდენიმე კომპანიაა.

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". თუმცა, განკარგულებაში არაა მითითებული თუ რა საქმიანობას შეეხება აღნიშნული ნებართვა და მოიცავდა თუ არა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის მიწოდებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები