საქართველოს მთავრობამ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მიღების წესს ცვლის.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, სპეციალური გადაწყვეტილების შემთხვევაში, მთავრობას ამიერიდან შეეძლება საიდუმლო დოკუმენტები მთავრობის სხდომაზე განხილვის ან სპეციალური შიდა სისტემის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის გვერდის ავლითაც დაამტკიცოს.
კერძოდ, ცვლილების მიხედვით, თუკი არსებობს პრემიერ-მინისტრის ან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილება, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კანონპროექტი ან აქტი შესაძლოა მიღებულ იქნეს მთავრობის წევრებთან უშუალო შეთანხმებით, ე.წ. „სველი ხელმოწერის“ საფუძველზე.
ამგვარი წესით გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ დოკუმენტს მხარი დაუჭიროს მთავრობის წევრთა რეგლამენტით გათვალისწინებულმა ხმათა მინიმალურმა რაოდენობამ.
მთავრობის ძველი რეგლამენტით, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა ზოგადი, კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავდა და იღებდა, ახალი ცვლილება კი პროცედურის გამარტივებულ, ალტერნატიულ მოდელს უშვებს.
ცვლილება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.




























