მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ავრცელებს.
"აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართა გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო პროდუქტიული ურთიერთობის ჩამოყალიბების გზები განიხილეს", - წერს საელჩო.
ოსტრიანთან შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 29 ოქტომბერს, გაავრცელა ინფორმაცია. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზარდ არის, ურთიერთობები "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს.
"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
























