მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

საწვავი ბენზინი

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის დეკემბრის საწვავის შესყიდვების კონტრაქტები მთავრობისთვის. დოკუმენტაციის თანახმად, დეკემბერში საწვავის შესყიდვის ფასი ლიტრზე დაახლოებით 8 თეთრით გაეზარდა.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს კი "ვისოლისგან".

საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - 2.33 ლარი, ნოემბრის ფასი 2.26 ლარი;
  • პრემიუმი - 2.35 ლარი, ნოემბრის ფასი 2.27 ლარი;
  • სუპერი - 2.64 ლარი, ნოემბრის ფასი 2.56 ლარი.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

ნოემბერში Platts-ის ფასი 675 დოლარიდან 709 დოლარამდე გაიზარდა, რამაც ფასის მატება განაპირობა.

რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 2.95-3.10 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.15-3.20 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.55-3.70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები