მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობას წიწილების წინასწარ თვლა დასჩემდა" - მოლოდინები ტურიზმში ზაფხულის სეზონისთვის

გიორგი დარციმელია

ტურისტული კომპანია Queen Tamada-ს დამფუძნებელს, სერტიფიცირებულ გიდ გიორგი დარციმელიას ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.

მისი თქმით, Queen Tamada ტურისტების მოზიდვას, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან ცდილობს. „ამ ეტაპზე არცერთი დადასტურული ჯავშანი არ გვაქვს“, - თქვა მან „წერტილთან“ ინტერვიუში.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ჯავშნების სიმცირეს ე.წ. „რუსული კანონის“ გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებასაც უკავშირებს, ქვეყანაში უფრო საქმიანი მიზნით ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს ელოდება, ვიდრე სამოგზაუროდ ჩამოსულ ტურისტულ ჯგუფებს.

„უცხოელი ჟურნალისტიც თუ ჩამოვა საქართველოში და 24 საათზე მეტ ხანს დარჩება, ტურიზმის სტატისტიკაში ისიც მოხვდება, მაგრამ მიზნობრიობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა... საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მედიაში გადაიცემოდა და შეიძლება, ამითაც აიხსნას არსებული სიტუაცია. გამყვანი ტურისტული კომპანიებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას. მათი მხრიდანაც იგრძნობა სიფრთხილე“, - თქვა გიორგი დარციმელიამ „წერტილში“.

Queen Tamada-ს დამფუძნებელმა ინტერვიუში „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციაზეც ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, ტურიზმის ბიზნესისთვის გამოწვევაა, რადგან გაცვლითი კურსის მერყეობა ტურისტული პაკეტების დათვლას ართულებს.

ამასთან, გიორგი დარციმელიამ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებითაც, სადაც მთავრობის მეთაურმა ტურიზმის სექტორში დადებით მოლოდინებზე ისაუბრა და მეორე კვარტალის ბოლოს პირველი კვარტალის შედეგებით მოიწონა თავი.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდა.

- სეზონი ახლა იწყება. რატომ ხართ ასე პესიმისტურად განწყობილი?

- რეალური სურათია ასეთი... მთავრობას დასჩემდა, რომ წიწილებს წინასწარ ითვლის და არა - შემოდგომაზე და აქედან გამომდინარე ეს ასახავს სულისკვეთებას და იმას, რამდენად ადეკვატურია მათი დამოკიდებულება. ჯერ ტურიზმის მეორე კვარტალის სტატისტიკა არ დევს და განცხადებები კეთდება, რომ თურმე ყველაფერი ყვავის და კარგად არის...

აღსანიშნავია, რომ "რუსული კანონთან" დაკავშირებული ვითარების ფონზე, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები საუბრობენ გამოწვევებზე, მათ შორის გაუქმებულ თუ შემცირებულ ჯავშნებზე. ეს საკითხი ტურიზმის სექტორმა ეკონომიკის სამინისტროში 24 მაისს გამართულ შეხვედრაზეც დააყენა.

ამის მიუხედავად, პრემიერი იანვარ-მარტის სტატისტიკური მონაცემებით იწონებს თავს და აღნიშნავს, რომ არსებული ტენდენციები ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველია.

ტურიზმის მეორე კვარტალის სტატიტისტიკური მონაცემები, სავარაუდოდ, 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები