საქართველოს მთავრობა ჩართულია 10-მდე საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოებაში, რომელთა წაგების შემთხვევაშიც საქართველოს ბიუჯეტს $3.3 მილიარდამდე კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ მთავრობა არბიტრაჟებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიჩქმალვას ცდილობს. გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს არბიტრაჟებში საერთაშორისო იურისტების დაქირავების ხარჯებზე, რაც ფაქტობრივად 350 მილიონ ლარს აღწევს, ასევე გარემოებაზე, რომ მთავრობამ ორი მაღალი პროფილის დავა წააგო, მათ შორის 383 მილიონი დოლარის დავა ნამახვანჰესის ინვესტორ ENKA-სთან და 76 მილიონი დოლარის დავა Inter Rao-სთან, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა.
საქმეების უმეტესობაში მთავრობას საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი წარმოადგენს, რომლის მომსახურებაშიც 2020 წლის შემდეგ 171 მილიონ ლარზე მეტი არის გადახდილი.
“საქართველოს მთავრობამ მის მიერ გაფუჭებული საქმეების მოსაგვარებლად საერთაშორისო არბიტრაჟებში დავის გამო 2016-2024 წლებში მხოლოდ საადვოკატო მომსახურებაზე დახარჯა დაახლოებით 350 მილიონი ლარი.
საერთაშორისო არბიტრაჟებში დღეისათვის გვედავებიან 3,3 მილიარდ დოლარს. ასეულ მილიონობით დოლარი უკვე გადავიხადეთ ან გადასახდელია არბიტრაჟებში დასრულებულ საქმეებზე.
კატასრტოფული შედეგები დადგა შარშან, რომლის მიჩქმალვაც უნდა მთავრობას და ხმას არ იღებს: ნამახვანის ჰესიდან ინვესტორის გაძევების შედეგად ქვეყანას დაეკისრა 383 მილიონი დოლარის გადახდა(საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ICC-ს არბიტრაჟში, პარიზი), ხოლო რუსული ინტერრაოსთან დავაში დაგვეკისრა 76 მილიონი დოლარის გადახდა( სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟი).
"ინტერრაოს" საქმე დამთავრებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ნამახვანთან დაკავშირებით მხოლოდ პროცედურებზე შეიძლება ვედავოთ, დრო მოვიგოთ, მაგრამ თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შედეგები არ შეიცვლება.
460 მილიონი დოლარი ანუ თითქმის იმდენი, რამდენიც ანაკლიის აშენებას ეყოფოდა დააკარგვინა ქვეყანას ამ რუსულმა რეჟიმმა. ეს არის დიდი დანაშაული და ყელამ უნდა აგოს პასუხი. მხოლოდ ეს ორი ფაქტი საკმარისია, რომ “ოცნების” მთელი მთავრობა გაასამართლეს. "ინტერრაოს" შემთხვევაში უშუალო პასუხისმგებელია კახა კალაძე, ხოლო თურქული “ენკას” შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი”, - წერს რომან გოცირიძე.
BMG-იმ საერთაშორისო არბიტრაჟების შესახებ, მათ შორის Enka-სა და Inter Rao-სთან წაგებულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით 2025 წლის 10 თებერვალს მიმართა, თუმცა სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია.




























