საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-ს უფროსი პარტნიორის გიორგი ქობულიას შეფასებით, „საქართველოს მთავრობაში არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, რათა პარტნიორებს აუხსნან ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გიორგი ქობულია ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.
ყოფილმა მინისტრმა „ოცნების“ ხელისუფლებაში კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას, მაგალითად მოიყვანა მმართველი ძალის რიტორიკა და კომუნიკაციის ფორმა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.
გიორგი ქობულიას აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება.
„ხელისუფლებაში არ არის დღეს არანაირი მოტივაცია და არანაირი კვალიფიკაცია. მოგიყვანთ მაგალითს, რაშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით - ვგულისხმობ დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმს. ვთვლი, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში არ არის საკმარისი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ დასხდნენ დასავლელ პარტნიორებთან და აუხსნან ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს.
მაგალითად, აშშ-მა პრაქტიკულად აკრძალა რუსეთის ნავთობპროდქუტების იმპორტი აშშ-ში, მაგრამ ევროპას ეს არ აუკრძალია, თუმცა ამერიკა არ ეუბნება ევროპას, რომ გინდათ თუ - არა, აკრძალეთო. ევროპამ აუხსნა აშშ-ს, რომ კი, ჩვენ პარტნიორები ვართ, მაგრამ სასიცოცხლოდ გვჭირდება ეს <რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი>. საქართველოს მთავრობამ ეს ვერ შეძლო ანუ არ აქვეთ ეფექტიანი და კვალიფიციური სახელმწიფო მანქანა, რათა აეხსნათ პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ თქვენთან გვინდა, რომ ჩვენ თქვენი კურსით მივდივართ, მაგრამ დღეს ასე ჩვენ გვჭირდება. ისევე როგორც ისრაელმა აუხსნა თავის პარტნიორ აშშ-ს, რომ მე ვერ გავაჩერებ ავიარეისებს თელავივსა და მოსკოვს შორის, რადგან ეს ჩემი მოსახლეობისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. ეს აუხსნა ისრაელმა და ამერიკისგან გვსმენია განცხადებები, რომ თელავივში აპირებს ავიაკომპანიების დასანქცირებას?! ისრაელის დამოკიდებულება რუსეთზე ბევარდ ნაკლებია, ვიდრე საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე - მაშინ რატომ ვერ შევძელით ჩვენ ამ ყველაფრის პარტნიორებისთვის ახსნა?! ეს არის კვალიფიკაციის მაგალითი“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.