მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას მთავრობის პოლიტიკური კურსით ხსნის

64707866afda7
თელარა გელანტია
26.05.23 13:56
913
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის და ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Mckinsey-ს უფროსი პარტნიორის გიორგი ქობულიას შეფასებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გიორგი ქობულია ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.

ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არაა შეერთებული.

„პოლიტიკური კურსი, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია, რომ იყვნენ უფრო ნეიტრალური და არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ეს სწორი კურსი იყო. ამან გამოიწვია უზარმაზარი, უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. სანქციებისთვის შეერთება იქნებოდა უზარმაზარი დარტყმა საქართველოს ეკონომიკისთვს და ჩვენი მოსახლეობისთვის.

ამდენად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ძირითადი ფაქტორი არის ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში - სანქციებთან არშეერთების პოლიტიკა, რამაც გამოიწვია მიგრანტების ძალიან დიდი ნაკადი. ეს არის ხალხი, რომელიც ლიბერალურადაა განწყობილი და არც ძალიან მდიდარია, მაგრამ არც - ღარიბი. ეს ხალხი შემოვიდა საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით და ამას მოჰყვა ვალუტის შემოტანა. გაიზარდა ფულადი გზავნილებიც, რამაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას უზარმაზარი ბიძგი მისცა.

ეკონომიკის ზრდის მეორე ფაქტორია, ასევე ის, რომ ის ხალხი ვინც შემოვიდა, შრომისუნარიანი და შედარებით განათლებულია. მათ დაიწყეს ეკონომიკური აქტივობა საქართველოში - გახსნეს კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და ა.შ. ეს აქტიურობაც დაემატა ეკონომიკის ზრდის ტემპს. მოკლედ, ეს შედეგი მიღებულია იმ პოლიტიკით, რომელიც არჩეული იყო ბოლო ორი წელი. უნდა გავითავისოთ ერთი რამ - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დევს მხოლოდ ეკონომიკის ზრდის სფეროში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

წამყვანის რეპლიკას - „სწორედ ამიტომ გვმართებს სიფრთხილე, როდესაც რუსეთთან ეკონომიკურ დამოკიდებულებას ვზრდით“, - ყოფილმა მინისტრმა ასე უპასუხა:

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ გვჭირდება კაპიტალის და სიმდიდრის აკუმულაცია. ამას აკეთებს ბევრი ევროპული ქვეყანა და აშშ... ჩვენი ქვეყანა უნდა გამდიდრდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით რეალურად თავისუფალი. თუ არ გავმდიდრდებით და ვიქნებით იქ, სადაც ვართ დღეს, მოგვიწევს, რომ სულ ხელი გვქონდეს ვიღაცისკენ გაშვერილი - ხან დასავლეთისკენ და ხან - რუსეთისკენ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები