მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს ხსნის

ბიზნესმენი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, ქვეყანაში მიგრანტების გაზრდილი ნაკადი და რუსული კაპიტალის შემოდინებაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენს არ აკმაყოფილებს მთავრობის "მშრალი განცხადება" იმის თაობაზე, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპზე ხელისუფლების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ იმოქმედა და მათ შორის იმან, რომ ქვეყანაში ომი არაა. „ეს მშრალი განცხადებაა... ბევრი ქვეყანაა, სადაც ომი არაა, მაგრამ ეკონომიკა არ იზრდება“, - ამბობს ბიზნესმენი „წერტილთან“ ინტერვიუში.

- როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და ასახელებენ რაღაც პროცენტს, მნიშვნელობა არ აქვს რამდენს - 10% ან 15%, უნდა ახსნან რის გამო მოხდა ეს…

- მთავრობა ირწმუნება, რომ ეს მათი სწორი პოლიტიკის შედეგია, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა...

- დავუშვათ ასეა; დავეთანხმოთ, მაგრამ ახლა აგვიხსნან, რას ნიშნავს ეს სწორი პოლიტიკა. მაგალითად, მე ვიცი, ჩვენი გაყიდვები რის გამო გაიზარდა; როდესაც 3-4-წლიან მიზანს ვისახავ, რა თქმა უნდა, თუ მკითხავენ, რის საფუძველზე შემიძლია ამ მიზნის მიღწევა, უნდა მქონდეს კონკრეტული პასუხი... ასეა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც - შეიცვალა საგადასახადო სისტემა? ცოდნის დონემ აიწია? და ა.შ. ანუ პუნქტებად უნდა დავყოთ - რომელმა ფაქტორმა რა წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში...

- ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა...

- დიახ, უნდა გვითხრან რის ხარჯზე იზრდებოდა ეკონომიკა. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა - ეს არის მშრალი განცხადება.

- ომი არაა ქვეყანაში და მშვიდობაა...

- მერე რა?! რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ომი არაა, მაგრამ ეკონომიკა არ იზრდება. თუ მარტო მშვიდობა არის საფუძველი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის, ესეც მისაღებია, მაგრამ უნდა დაამტკიცო, რომ მხოლოდ მშვიდობით შეიძლება მაღალი ზრდის მიღწევა.

- როგორ ფიქრობთ, მთავრობას არ უნდა იმის აღიარება, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი მაინც იყო რუსული კაპიტალის შემოდინება და სამწუხარო ომი ჩვენთვის დადებითი შოკი აღმოჩნდა... ეს სიტუაცია ალბათ თქვენი ბიზნესჯგუფის გაყიდვებზეც აისახა...

- კი, ბატონო. ესეც არის ფაქტორი. სიმართლე რომ ვთქვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია... მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარიაში წავიდა მთელი მსოფლიოს კაპიტალი, რადგან მშვიდობიანი ქვეყანა იყო და არ ომობდა. ამდენად, სენსაცია არაა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ რუსი მიგრანტები, რომელთა ნაწილი გაექცა სიტუაციას, ძალიან მცირე ნაწილი კი, ალბათ არ ეთანხმებოდა იმ პოლიტიკას, მე პირადად ამის არ მჯერა, თუმცა ჩავთვალოთ, რომ ასეც იყო... მოკლედ, არ შეიძლება აპელირება, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჩვეულებრივი მომენტია, როცა ერთ ქვეყანაში ომია, მეორე ქვეყანაში, რომელიც მეზობლადაა, მიგრანტების რაოდენობა.

- რაც დაეხმარა ეკონომიკურ ზრდასაც...

- ეკონომიკური ზრდას კი არა, შემოსავლების ზრდას დაეხმარა, რომელიც საქართველოში არ არსებობდა; შემოვიდნენ ადამიანები, რომელთაც შემოიტანეს ფული, დაიწყეს ხარჯვა, რამაც გაზარდა მოხმარება...

- მოხმარებაც ხომ ზრდის ეკონომიკას - ეს ვიგულისხმე...

- დიახ, ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ აქ არ აშენებულა ახალი ქარხნები, არ დაწყებულა დიდი წარმოებები და ამ გზით არ შექმნილა სამუშაო ადგილები... რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, ლარიც გამყარდა, რაც ბიზნესებისთვის კარგია, მაგრამ შეიძლება, მოქალაქეთა დიდ ნაწილზე ფულადი შემოდინებები დადებითად არ ასახულა... ეკონომიკური ზრდის შედეგის თანაბარი გადანაწილება რთული მისაღწევია, თუ ინდუსტრია არ შეიქმნა და დიდი პროექტები არ დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები