მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობაში მეხორბლეთა ხელშეწყობის მექანიზმზე ჯერ კიდევ მსჯელობენ - შამუგიას განმარტება

640f18abcdae6
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 16:41
683
ქვეყანაში ხორბლის იმპორტიორები და გადამმუშავებლები მეორე წელია, რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟისა და ამ პირობებში ფქვილის იმპორტის ზრდის გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და მთავრობას მხარდაჭერას სთხოვენ. დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული ჯერ არ არის.

აღნიშნული საკითხი, დღის წესრიგში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ კიდევ ერთხელ დააყენა. მისი განცხადებით, წისქვილები კვლავ დახურვის პირას არიან, ადგილობრივი ხორბლის მწარმოებელი ფერმერები კი გასულ წელს აღებულ და შენახულ მოსავალს ვეღარ აბარებენ. ამის მიზეზად დარგის წარმომადგენელი რუსეთში ხორბლის ექსპორტზე მზარდ ბაჟს და ფქვილის იმპორტის ზრდას ასახელებს. სილაგავა აღნიშნავს, რომ ანალოგიური პრობლემები ადგილობრივ წარმოებას გასულ წელსაც ჰქონდა. მეხორბლეთა ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა რუსული ფქვილის იმპორტზე სარკისებრი ბაჟის დაწესებაა, რომელიც ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს თანაბარ კონკურენტულ გარემოს შეუქმნის.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ბიზნესთან და ეკონომიკური გუნდის უწყებებს შორის აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილებები დღემდე არ მიუღიათ.

„დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გუნდში საკითხზე ვმსჯელობთ, რომ ერთი მხრივ ფერმერებს ძველი მოსავლის ჩაბარებაში შეეწყოთ ხელი... ასევე, ჩვენი სასურსათო უსაფრთხოებისთვის წისქვილკომბინატების ამოქმედება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ ამან პურზე ფასების ზრდა არ გამოიწვიო. ეს ბალანსი დაცული უნდა იყოს. სწორედ ამაზე გვაქვს კონსულტაციები ბიზნესთან და ეკონომიკურ გუნდში. როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილებას მივიღებთ ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ“, - აცხადებს ოთარ შამუგია.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ქვეყანაში - რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი ყოველკვირეულად იზრდებოდა. 7 მარტს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საექსპორტო გადასახადი არ შეუცვლია, ხოლო 15 მარტიდან ხორბალზე დაწესებული ბაჟი მცირედით 0.5%-ით შემცირდება და 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 344 რუბლი იქნება. 

ამავე პერიოდში რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რაც ქვეყნიდან ფქვილის რეალიზების ზრდას უწყობს ხელს და ეს სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც აისახება. რუსეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით აიხსნება.

2022 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 95.1% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 61.6 მლნ დოლარის 174 132 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება - 48%-ია.

რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მონაცემებს, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან 16 704 ტონა ხორბლისა და მესლინის შესაძენად 5.3 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იანვრის იმპორტს 44.3%-ით აღემატება. მოცულობით კი ხორბლის იმპორტი 42%-ით გაიზარდა. აღსანიშნია, რომ იანვარში ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შემოვიდა, ანუ ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო.

ამავე პერიოდში ქვეყანაში 6 მლნ დოლარის ღირებულების 18 050 ტონა ფქვილი შემოვიდა. იმპორტი თითქმის გაორმაგებულია, ანუ 98%-ით არის გაზრდილი. მოცულობა კი 101%-ით გაიზარდა. ფქვილის საიმპორტო ბაზრები იანვარში, ხორბალთან შედარებით დივერსიფიცირებული იყო, მაგრამ იმპორტის 98.5% რუსულ ფქვილზე (5.8 მლნ დოლარი, 17 928 ტონა) მოდიოდა. საიმპორტო ბაზრებს შორის თურქეთი (54 ათასი დოლარი, 77 ტონა), უკრაინა (28 ათასი დოლარი, 41 ტონა), იტალია (3 ათასი დოლარი, 3 ტონა) იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები