მიმდინარე წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში 16 ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯუბო ტურაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა.
„2013 წლიდან ენერგეტიკულმა სექტორმა დაიწყო უპრეცედენტო განვითარება. საქართველოს მთავრობასა და კერძო ინიციატორებს შორის გაფორმდა არაერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 63 ჰიდროელექტროსადგური არის აშენებული, ჯამური დადგმული სიმძლავრით 773 მეგავატი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ველოდებით დამატებით 16 სადგურის მშენებლობას, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე საორიენტაციოდ 150 მეგავატი გახლავთ“,- თქვა ჯუბო ტურაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილია 300-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდგომში მათი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.