მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობაში, ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიაზროს“ - კახა გოგოლაშვილი

დდ

„მთავრობაში, ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიაზროს“ - ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა & რონდელის ცენტრის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც პასუხი გასცა კითხვას, რა სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის.

მისი თქმით, ქვეყანას განვითარებისთვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დასახვა სჭირდება, რისი აღსრულებაც საბოლოოდ „ზევიდან“ - ხელისუფლების/მთავრობის ნებით უნდა მოხდეს.

„განათლება და ჯანდაცვა, ის საკითხებია, რომელიც გრძელვადიანად და თანდათანობით უნდა განვითარდეს, თუ ქვეყანას ამბიცია აქვს, რომ მართლა კარგი ქვეყანა გახდეს. ახლავე რაც უნდა გავაკეთოთ, ეს შრომის ნაყოფიერების ზრდაა, რაც მაგალითად, პროფესიულ განათლებასთან არის დაკავშირებული. ასევე გვჭირდება ემიგრაციის შემცირება. ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა გვჭირდება, მაგრამ სამუშაო ადგილები შეიძლება არის კიდეც, მაგრამ პროფესიონალი კადრები არა გვყავს, ამიტომ გადამზადება და ჩვენი შრომის ბაზრის განვითარება გვჭირდება. ასევე საჭიროა, პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რითაც შესაძლებელია 1 წელიწადში გაზარდო კარგი მშენებელი, ინჟინერი, მუშა რომელიც შეიძლება გვირაბის მშენებლობაზე დასაქმდეს, ასევე შემდუღებელი და ა.შ. მაგრამ, იმის გამო, რომ ჩვენ ესენი არ გვყავს და დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ სამუშაოდ გარბის, როდესაც აქ ინვესტორები შემოდიან, თავისი კადრები შემოჰყავთ.

ასევე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები, კერძოდ, ხელი უნდა შეეწყოს კომპანიებს, რომლებიც ინოვაციურები არიან და უცხოური ტექნოლოგიები შემოაქვთ - ჩვენ ამის ათვისების უნარიც გვჭირდება და ამას სახელმწიფომაც რაღაცნაირად უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ თუ შრომის ნაყოფიერება არ გავზარდეთ, ჩვენი პროდუქტი ყოველთვის დაიჩაგრება უცხოურ პროდუქტთან მიმართებაში და ჩვენი საწარმოები ვერ განვითარებიან“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ყველამ იმ საქმეზე უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, რასაც აკეთებს.

„ვინც მთავრობაშია, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თავისი პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა გაიაზროს და საქმე კარგად აკეთოს. თუ პარლამენტარია ადამიანი საუკეთესო კანონები მიიღოს, გაიგოს რა ხდება, შეხვდეს ამომრჩეველებს და ა.შ. ვფიქრობ, ზევიდან თუ იქნება ნება, ადამიანები სწრაფად შეძლებენ ამის გააზრებას“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები