საქართველოს მთავრობა 2020 წლის შემდეგ განკარგულებებს აღარ აქვეყნებს - ისინი არც მთავრობის ადმინისტრაციის და არც საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე არ ქვეყნდება. შესაბამისად, აღარ საჯაროვდება ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გადაცემისა და საინვესტიციო ვალდებულებების ცვლილებების შესახებ. აღნიშნულის შესახებ BMG-იმ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციასთან იმუშავებენ.
- შეიძლება, რომ განკარგულებების გამოქვეყნება მოხდეს?
“გვექნება ამაზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მუშაობა,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კითხვაზე, რა განკარგულებები განიხილეს დღეს, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სხდომაზე საუბარი შეეხო კახეთში, ჰოლდინგ უდაბნოსთვის ახალი საინვესტიციო პირობების განსაზღვრას, რაც ადგილზე მეცხოველეობის განვითარების კომპონენტსაც მოიცავს.
“იყო განხილული საინვესტიციო ვალდებულებების ცვლილების შესახებ, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ასე შემდეგ. ინვესტორებს შეეცვალათ საინვესტიციო პირობები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სოფელ უდაბნოში შენდება მნიშვნელოვანი აგრო კომპლექსი, სადაც დამატებითი პირობები განისაზღვრა ინვესტორისთვის და მათთან შეთანხმებით მოხდა ახალი პირობების ჩამოყალიბება, რაც ითვალისწინებს მემცენარეობის გარდა, მეცხოველეობის მიმართულების დამატებას და გადამმუშავებელი საწარმოს შექმნას,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის მიერ მისაღები განკარგულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.