საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. ინფორმაციას თავად საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
გეგმა გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას, რომლის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება.
კერძოდ:
1. ბიზნესს, რომელსაც შეექმნება სესხის გადახდის პრობლემა ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას.
აღნიშნული პროცესის შედეგად მხოლოდ სასტუმრო ინდუსტრიაში დაახლოებით გამოთავისუფლდება 100 მლნ. ლარის ფინანსური რესურსი.
2. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ მისცემს შენატანის გადავადების საშუალებას.
3. იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს; სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ.
საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს (1 ნოემბრამდე).
შედეგად, შეღავათი შეეხება 18 000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ. ლარზე მეტი დარჩება ეკონომის ამ სექტორში
4. გარდა ამისა, კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს)
5. გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშულებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას. ეს პროექტი შეეხება ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 000 სასტუმროს, რომელმაც პანდემიის შედეგად შეიძლება მიიღოს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. შესაბამისად, 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ. ლარით,
აღსანიშნავია, რომ მთავრობა უკვე მუშაობად საბანკო რეგულაციების ოპტიმიზაციის მიმართულებით, რაც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის.
ასევე, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.