საქართველოს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრები ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ მედიაოთახში არ ჩამოსულან.
მთავრობის სხდომა დღეს 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაიწყო, რომელიც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის მინიჭების პერსპექტივას შეეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა 17 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო პირობების შესრულებაზე მუშაობას ევროსაბჭოს მიერ რეკომენდაციის დამტკიცებისთანავე დაიწყებს.
მთავრობის მეთაურმა ისიც თქვა, რომ რეკომენდაციაში გაწერილ გარკვეულ საკითხებს ბრიუსელთან აუცილებლად გაარკვევენ.
ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სხვა თემებზე განცხადებები არ გაუკეთებია.
რაც შეეხება მთავრობის სხდომის დღის წესრიგს, მინისტრებს 18 საკითხი უნდა განეხილათ, მათ შორის იყო საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებაც.




























