მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაკოტრებული ვართ... საქართველოში ხორბალი ვეღარ დაითესება“ - რას ითხოვენ ფერმერები?

649d49184b388
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 13:42
2419
საქართველოს მთავრობამ მარცვლეულის მწარმოებელი ფერმერებისა და ხორბლის გადამმუშავებელი საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, დარგის მხრიდან მრავალთვიანი მოთხოვნების შემდეგ, რუსული ფქვილის იმპორტზე მომსახურების საფასური დააწესა, რომელიც 12 ივნისიდან შევიდა ძალაში. ამ გადაწყვეტილებით რუსული ხორბლისა და ფქვილი იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდა. ფერმერებს კი წინა წლის დარჩენილი მარაგების რეალიზების საშუალება უნდა მისცემოდათ. ამასთან, წისქვილკომბინატები მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად ადგილობრივი ხორბლის ჩაბარებისა (1 ტონაზე 650-700ლარამდე) და პურის სტაბილური ფასის შენარჩუნების მიზნით, ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის მაქსიმუმ 52 ლარად მიწოდებს ვალდებულებად იღებდნენ. ივნისიდან კი საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღების სეზონი დაიწყო. მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების კი კვლავ დარგში არსებულ სირთულეებზე საუბრობენ. ფერმერი ზურა ხიზანიშვილი გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, რომ წელს ფერმერები გაზრდილი ხარჯებიდან და შემცირებული შემოსვლიდან გამომდინარე, მოსავალს ვეღარ მოიყვანენ. აქედან გამომდინარე მათ ხელშეწყობა ესაჭიროებათ.

„ფქვილის დაბეგვრამ შედეგი ვერ გამოიღო. ხორბლის მარაგების 10% მაქვს საწყობიდან გაყიდული, დანარჩენი მრჩება. დღეს ხორბლის მიღების ფასი 1 კგ-ზე 45-47 თეთრია. ლევან სილაგავას განცხადებით, წისქვილები ხარისხიან ხორბალში 65 თეთრს გადაიხდიან, რაც ჩვენს გაკოტრებას იწვევს.

სამინისტროს მიმართ მარცვლეულის მწარმოებელთა თხოვნა და მიმართვაა, რომ იმპორტირებული საფურაჟე ხორბალი დაიბეგროს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არანაირი პასუხი არ გვაქვს.

სახელმწიფომ მყისიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შემოტანილ ხორბალზე განბაჟების ღირებულება უნდა აიწიოს, მეორე შეთავაზება ადგილობრივი ხორბლის რეალიზებისას, რომელიც დღეს 45 თეთრი ღირს, 20 თეთრი დაგვიმატოს, რათა გადარჩენა შევძლოთ, ბანკის ვალები გადავიხადოთ და ხორბალი კიდევ დავთესოთ. მე პირადად ძველში დიდი თანხა წავაგე, ახალი 250 ჰა-ზე დავთესე და საშუალოდ 800 ტონა მოსავალი უნდა ავიღო, რაშიც 1 კგ-ზე 35 თეთრის წაგებაში ვარ.

თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს სახელმწიფო, ბანკი ჩვენ ვალებს არ გვპატიობს და იძულებული ვიქნებით, საწყობი, მიწები გავყიდოთ და საქართველოდან წავიდე. თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარება, დაახლოებით 30 ფერმერი ფაქტობრივად გაკოტრებული ვართ და საქართველოში ხორბალი აღარ დაითესება. დასაყრელი ადგილიც არ გვაქვს საწყობები ძველი ხორბლით გვაქვს სავსე და სად დავყაროთ ეგეც არ ვიცით“, - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

ფერმერმა სახელმწიფოს გადადგმულ მხარდამჭერი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დარგის განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები