მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხორბლეებმა დაგეგმილი აქცია გადადეს - მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება და დაპირებებია

64b0ef40e0b97
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.23 11:01
1838
მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია, რომელიც დედოფლისწყაროში 12:00 საათზე უნდა გამართულიყო და დარგში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანება ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ გუშინ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვით დაღერღილი ხორბლის (არასასურსათო საფურაჟე ხორბალი) იმპორტი ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე აიკრძალა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლის გაჟღერებასაც მარცვლეულის მწარმოებლები აქციაზე აპირებდნენ.

ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიტყვიერი შეთანხმება ფერმერებმა მათ მიერ მოთხოვნილი სხვა საკითხებთან მიმართებითაც მიიღეს.

„გაცნობებთ, რომ პარასკევს 14 ივლისს 12 საათზე მარცვლეულს რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დაგეგმილი აქცია გადაიდო იმიტომ, რომ დაღერღილი ხორბლისა და ქერის იმპორტი შეიზღუდა 2023 წლის პირველ ნოემბრამდე. აგრეთვე მივიღეთ სიტყვიერი დაპირება, რომ სასურსათო ხორბლის ფასი 70 თეთრამდე გაიზრდება და გადაიხედება საბანკო სესხების პრობლემა იაფი აგროკრედიტის ფარგლებში. ასევე დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ მოვლენებს და აქტიურად მოგაწვდით მარცვლეულს ფასის ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას“, - წერია ასოციაციის მიერ გარვცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნია, რომ მარცვლეულის მწარმოებელთა მოთხოვნებში იყო ასევე მთავრობის დადგენილების 12 ივნისიდან ამოქმედებული ფქვილის იმპორტის გადასახადის ზრდა, რაზეც როგორც BM.GE-ს გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა, სიტყვიერი დაპირება მიიღეს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ დააკვირდებიან რუსეთის ბაზარზე არსებულ ფასებსა და მდგომარეობას და შესწავლის შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა ბენიაიძემ. გაერთიანებაში თვლიან, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გაზრდა, ადგილობრივი ხორბლის ჩაბარების შესაძლებლობას გაზრდის, რადგან ბაზარზე რუსული ფქვილი ჭარბად არ შემოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები