საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა.
როგორც bm.ge-ის "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, გურამ დუმბაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე 11 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში - აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
"ქართული ოცნებამ" მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი არა მმართველობით სისტემაში შეცდომების პოვნისა და გამოსწორებისთვის, არამედ მათი პრევენციისთვის შექმნა. ასე განმარტავდა მთავრობის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ ბაჩიაშვილი დეპარტამენტის შექმნის მიზნობრიობას, პარლამენტში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებათა პაკეტის წარდგენისას.
"ოცნების" მიერ კანონში შეტანილი ცვლილებებით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.




























