"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი დეველოპერებს ავლადებულებს, უძრავი ქონების რეალიზაციისას და რეკლამირებისას ფასი გამოხატული იყოს მხოლოდ ლარით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცვლილებების დაანონსებისას განმარტა, რომ ლარში ფასდადება სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას არ გაულისხმობს, კანონის პროექტში მხოლოდ ლარია მითითებული.
"საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით",- ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ განსხვავებული წესი, შესაძლოა, დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, რაც მაგალითისათვის ემსახურება არარეზიდენტ პირთა დაცვის ინტერესებს.
კანონპროექტი ჩარჩოებში აქცევს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთსაც.
"იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
უძრავი ქონების ღირებულები ლარში ფასდადებით მთავრობა მოსახლეობისა და ქვეყნის ეკონომიკის დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას ელოდება. დელოპერები კი აცხადებენ, რომ ლარში ფასდადება სამშენებლო ბიზნესს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

























