მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის კონტრაქტორი კომპანიები სამშენებლო მასალების ფასის ინდექსაციას ითხოვენ

622b2f69a4f4a
თათია ჩაფიჩაძე
11.03.22 15:30
1367
ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიები სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას მოითხოვენ. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.

აღსანიშნია, რომ სამშენებლო კომპანიები ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას რამდენიმე წელია ითხოვენ, რასაც ძირითადად, დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებით და ხშირი რყევებით ხსნიდნენ, მაგრამ ბოლო ორი წელია ამ გამოწვევას პანდემიის მიზეზით გართულებული ლოგისტიკა და ასევე, სამშენებლო მასალების გაძვირება დაემატა; ამ უკანასკნელზე კი ფასები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კიდევ უფრო დრამატულად იზრდება.

დარგში არსებული გამოწვევებისა და გამოსავლის გზების შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა სამშენებლო კომპანია „ინსის" გენერალურმა დირექტორმა. ზვიად თოიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფასების დაკორექტირების გარეშე კომპანიები ამ კრიზისს ვერ გადაიტანენ. მეტიც, „ინსის" გენერალური დირექტორის აზრით, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე „აზრი ეკარგება“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივასაც, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებულ ტემპში განხორციელებას გულისხმობს. საუბარია პროექტზე - „მშენებლობა განვადებით“, რომლის დეტალები და პირობები ჯერჯერობით, უცნობია.

„ინსის" გენერალური დირექტორის თქმითვე, დარგი, ბიზნესომბუდსმენთან ერთად, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების საკითხის მთავრობასთან დაყენებაზე მუშაობს.

„მიმდინარე სამწუხარო მოვლენები დიდ ზეგავლენას ახდენს სამშენებლო მასალების ფასებზე; ყოველდღიურად უამრავ მასალას ვყიდულობთ და მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ამ დრომდე არმატურის ფასი უკვე 47%-ით არის გაზრდილი, ხის იმპორტირებული მასალა - 32%-ით, ჰიდროიზოლაცია - 70%-ით, ლამინატი - 71%-ით, თაბაშირ-მუყაოს ფილა - 43%-ით; ძალიან დიდი სხვაობებია უკვე როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილებების გამო, ასევე ლარის კურსის გამო, რაც ერთობლიობაში სამშენებლო მასალების ფასის მნიშვნელოვან ზრდას იწვევს. ამდენად, თუ სახელმწიფო არ ჩაერია და ეს თემა არ დარეგულირდა, არსებობს რისკი, რომ ვერ გაგრძელდეს პროექტები, რადგან წარმოუდგენელია, ჩვენმა სექტორმა, რომლის მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია, ამ ზომის ფასნამატი აიტანოს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ მიმართა ბიზნესომბუდსმენს და გამოსავლის გზებზე მოვამზადეთ ჩვენი წინადადებაც - ეს არის ინდექსაცია, რაზეც რამდენიმე წელია ვსაუბრობთ. ეს საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებულია, რომელიც როგორც ფასთა ზრდას, ისე კლებას აზღვევს, პროექტი რომელიც პირობითად ღირს 1 ლარი, იმას 20 თეთრად ვერ შეასრულებ, თუ ღირს მილიონი, უნდა დაიხარჯოს მილიონი“, - განაცხადა ზვიად თოიძემ და დასძინა, რომ ბიზნეოსმბუდსმენის აპარატის ლობირების იმედი აქვს.

„დიდი იმედი გვაქვს, ბიზნესომბუდსმენი მთავრობასთან ჩვენი ინტერესების ლობირებას შეძლებს; ქირურგიული ჩარევა თუ არ მოხდა, გამოსავალი არ იქნება. ამ ფასებით მუშაობის პროგნოზი წარმოუდგენელია; პირდაპირ გეუბნებით სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობთ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება. მომწოდებლებიც გვეუბნებიან, რომ კიდევ არ იციან ეს ფასი საბოლოოდ სადამდე მივა, თუმცა ჩემი ანალიზით, მთელი კონტრაქტების უკვე 15-20%-იან ზრდაზე გვაქვს საუბარი. მასალები და მისი ტრანსპორტირების ხარჯი შეადგენს ღირებულების, დაახლოებით, 60%-ს, ჩვენი ანალიზით ეს იწვევს პროექტის ფასის 20%-იან ზრდას“, - აღნიშნა „ინსის" გენერალურმა დირექტორმა, რომლის შეფასებითაც, ინფრასტრუქტურული პროეექტების მშენებელი კომპანიები ჯერ სრულად covid-ის კრიზისიდანაც ვერ გამოვიდნენ.

სამშენებლო მასალების ფასის ინდექსაციის აუცილებლობის და საჭიროების თემაზე დღეს გადაცემა "ანალიტიკაში" ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა საბახტარაშვილმაც ისაუბრა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები