"შევხვდებით და გავერკვევით რა რაღაცებში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანია “ინსის” დირექტორმა, ზვიად თოიძემ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, სექტორში კლება არაა და შესაბამისი საკითხები ინფრასტრუქტურის მინისტრთან განიხილეს.
"წარმოვადგენ სამშენებლო სექტორს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ სამშენებლო სექტორში კლება არის. სექტორში თუ რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილებაა მისაღები, ამასთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. თუ დღეს კონკრეტულად დაისმება საკითხები სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით, აუცილებლად ვისაუბრებთ", - განაცხადა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას პოლიტიკური ნიშნით დაკავებად არ მიიჩნევს.
"პოლიტიკური ნიშნით დაკავებას არ ვუყურებ", - თქვა ზვიად თოიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. ამ წუთებში ბიზნესმენები შეხვედრაზე შედიან. მათმა ნაწილმა შესვლამდე მედიასთან მოკლე კომენტარები გააკეთეს, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი თავს იკავებს.
ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე რაზე იქნება საუბარი ჯერ არ იციან. ზოგიერთი მათგანი კი აცხადებს, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემათ ირაკლი კობახიძეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შესახებაც დაუსვამენ კითხვებს.




























