მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად" - კობახიძის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები

ირაკლი კობახიძე

"მთავრობის მიზანია საქართველო იქცეს საკვანძო ეკონომიკურ ჰაბად გლობალურ და რეგიონულ დონეზეც" - ეს არის ფრაზა ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამიდან.

საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა, რომლის სახელწოდებაცაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. მომავალი პრემიერის გეგმა, ყოფილი პრემიერის გეგმის და სტრატეგიისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება. პროგრამის ყველა თავში, წინადადებების უმეტესობა იწყება სიტყვით - გაგრძელდება.

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, პროგრამის აქცენტები ასეთია:

ეკონომიკური განვითარება

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მომავალი მთავრობა გეგმავს ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.

"ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის".

სოციალური პოლიტიკა

მთავრობა გეგმავს გაიზარდოს ჯანდაცვის პროგრამის არეალი და ეტაპობრივად მოიცვას დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციამდე პროცესი. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

"პრიორიტეტად რჩება ხარისხიანი განათლების სისტემის განვითარება, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ძლიერი და ცოდნით აღჭურვილი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს".

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, 2024 წელს გაგრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, მაგისტრალების მშენებლობა. როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 2024 წელს უნდა დასრულდეს ბათუმის შემოვლითი გზისა და რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალის მშენებლობა, ასევე უნდა დაიწყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა.

შეგახსენებთ, სამთავრობო პროგრამა საქართველოს პარლამენტს "ქართულმა ოცნებამ" 2 თებერვალს წარუდგინა. უკვე გაწერილია მთავრობის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურებიც. ამ დროის მონაცემებით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები