მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მხრიდან ჩვენს პროტესტზე ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა - მაღაროელი

რედაქტ2

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. დღეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 2 კვირა შესრულდა. 3 მარტს მაღაროელებმა მთავრობასთან შეხვედრა მოითხოვეს, რადგან მიიჩნევენ, რომ მაღაროების მმართველ კომპანიასთან საუბრის ყველანაირი რესურსი ამოწურულია.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ დღემდე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან პასუხი არ მიუღიათ.

„ჩვენ მთავრობას ოფიციალურად მივმართეთ და არაოფიციალურად ქუჩიდან ვცდილობთ მივაწვდინოთ ხმა. თუმცა ოფიციალური განცხადება და გამოხმაურება მთავრობის მხრიდან ჩვენს პროტესტზე არ არის“, - განაცხადა მაღაროელმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში.

კითხვაზე - ადგილობრივ ხელისუფლებასთან კომუნიკაციამ რა შედეგი გამოიღო და თუ ცდილობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროტესტის მონაწილეების მთავრობასთან დაკავშირებას, ტარიელ მიქაცაძე ასე პასუხობს:

„ეს პრობლემა 28 თებერვალს არ დამდგარა. როდესაც პროფკავშირებთან ერთად ხელი მოეწერა შეთანხმებას იმაზე, რომ ნოემბრიდან კომპანია პირველ მარტამდე გადადიოდა სპეციალური მართვის რეჟიმზე და დასაქმებულებისთვის ხელფასის 60%-ისა და სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა - ეს კომპანიას არავინ არ უნდა დაუკარგოს. კომპანია ყოველ თვეს ხელფასების გაცემას აგვიანებდა, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა კომუნალური და საბანკო ვალდებულებების ნაწილში. 23 იანვარს ჩვენ ადგილობრივ მერიას მივმართეთ და ვესაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე. ვითხოვეთ შეხვედრა რწმუნებულთან და იმ პირებთან, ვინც გაჩერების შესახებ მოაწერა ხელი კომპანიასთან. გვაინტერესებდა, თუ ჰქონდათ ამ ადამიანებს ამ პრობლემის მოგვარების გეგმა, ვიდრე შეიძლებოდა ამ საკითხებით მოლაპარაკების რეჟიმში განხილვა, შესაბამის პირებთან ერთად გადაგვეწყვიტა. დაპირება მერიის მხრიდან იყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა და როდესაც ხელფასები აღარ დაირიცხა, თებერვალში მივიღეთ მშიერი, სახსრების გარეშე დარჩენილი ჭიათურის მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა“.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა.

კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.

7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები