საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ახალ პოსტზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
მისი განმარტებით, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაქმნელად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს. კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს თხოვნით მიმართა, კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილონ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მდინარაძე, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამ გადაწყვეტილებით კვლავ უბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.
გთავაზობთ ირაკლი კობახიძის განცხადებას სრულად.
„გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა ხვალამდე წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით.
მინდა, ბატონ მამუკა მდინარაძეს გადავუხადო მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები, მისი ხელმძღვანელობით სამსახურში განხორციელდა სისტემური რეფორმები, ჩატარდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალური ოპერაცია, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით იყო ძალიან წარმატებული ამ თვეების განმავლობაში სამსახურის საქმიანობა. განსაკუთრებით წარმატებული იყო სამსახურის საქმიანობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ ყველაფრისთვის, მინდა ბატონ მამუკას გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა“.




























