საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და მისი განხილვა დაჩქარებული წესით არის მოთხოვნილი. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადეს.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთან, კანონის პროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
როგორც 21 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ახალ პოსტზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაქმნელად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. კანონპროექტი მთავრობას გასულ კვირაში უნდა წარედგინა, თუმცა ინიციატივა ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მდინარაძე, რომელიც აქამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამ გადაწყვეტილებით კვლავ უბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.




























