საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ამ პოსტზე კობახიძემ სუს-ის უფროსიბიდან მამუკა მდინარაძე გადაიყვანა.
მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი საკითხია ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
„საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა, პრინციპში, გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა გვაქვს უკვე საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ჩემთვის პირადად, შეუძლებელია, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება,“- აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ახალ პოსტზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.
მისი განმარტებით, ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაქმნელად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაც მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს. კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს თხოვნით მიმართა, კანონპროექტი მომავალ სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილონ.




























