მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი უწყება და საკადრო ცვლილებები - ვინ რომელ უწყებაში გადაჰყავთ?

მთავრობა

საქართველოს მთავრობის სტრუქტურასა და კადრებში ცვლილებებია - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობამ თავის სტრუქტურაში ახალი უწყება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხების სახელმწიფო აპარატი შექმნა და მამუკა მდინარაძე სუსიდან ახალ პოზიციაზე გადაიყვანა. სუსის ყოფილი უფროსი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციას და ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს. ვიცე-პრემიერის პოზიციას დაიკვებს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და შესაბამისად მთავრობაში სამი ვიცე-პრემიერი იქნება - ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე და მაკა ბოჭორიშვილი.

სუსის უფროსის ადგილას შს მინისტრის პოზიციიდან გელა გელაძე ჩაიბარებს. თავის მხრივ შს მინისტრის ადგილას აჭარის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტიდან სულხან თამაზაშვილი გადავა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში დასახელდება, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

„სახელმწიფო მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. ამ პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

როგორც მოგეხსენებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს პოლიტიკურ საქმიანობასთან ჩამოშორება მოუწია. ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკურ საქმიანობას, რაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. შესაბამის კანონპროექტს საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობა პარლამენტს ხვალამდე წარუდგენს და პარლამენტს სთხოვს კანონპროექტი მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი გეკა გელაძის კანდიდატურას. გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილებაგანხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება. შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაში იქნება სამი ვიცე-პრემიერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები