გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა - ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის ნაწილში, ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფა დაახლოებით 17 500 ჰა ფართობებზე გაუმჯობესდა.
„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ.
ოთარ შამუგიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ქვეყანაში ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების განვითარებაში. პროექტი ასევე მოიცავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვას, წყლის და ნიადაგის რესურსების დაზოგვას. ეს ყველაფერი ერთად კი, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაა; სწორედ ამ მიზნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ;
დღეს, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად 10-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს მოიცავს - ფერმერებსა და მეწარმეებს ვეხმარებით როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავებისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით. მომავალ წელს, სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების ინტეგრაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დაახლოებით 20 მლნ ლარი იქნება დახარჯული. სწორედ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. გასულ წელს გვქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები; მიმდინარე წელს, 9 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 17-18%-იანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, ეს მონაცემები კარგად ასახავს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობისა და იმ პროგრამების შედეგებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა - ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის ნაწილში, ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფა დაახლოებით 17 500 ჰა ფართობებზე გაუმჯობესდა.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გასაუმჯობესებლად ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ინტეგრირებული მიდგომა სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით, საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მოუტანს, შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი მუშაობა, რაც, როგორც წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, დადებითი შედეგების მომტანია“, - განაცხადა როლანდ პრაისმა.
პროექტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.