მოსული ნალექის შედეგად, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები სპეცტექნიკის საშუალებით ინტენსიურად იწმინდება. საავტომობილო გადაადგილების შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად გზებზე ტექნიკური მარილი იფანტება - ამის შესახებ მერია ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 150 თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში საქმიანობენ. გზების გაწმენდის პროცესს მუდმივად აკვირდება „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.
გზის სავალი ნაწილის პრობლემების ან შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50, ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 დარეკვა.




























