ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი - ჯერ ისევ უცნობია ის პირობები, რითაც 1 ივლისს ენერგეტიკული ბირჟა უნდა გაიხსნას.
6-ჯერ გადავადებული ბირჟა უნდა გაიხსნას ეტაპობრივად და მის გადავადებაზე კითხვები აღარ უნდა იყოს. ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე. მისი თქმით, ცხადია ბუნდოვანი, პრობლემური საკითხები რჩება, თუმცა ბაზრის გახსნა მაინც უნდა მოხდეს, რადგან არაბიძე თვლის, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევა ბაზარზე პროცესებს მნიშვნელოვნად აფერხებს.
“ვფიქრობ, რომ თუ ეს იქნება თავდაპირველად ნებაყოფლობითი და მსხვილი მომხმარებლები შევლენ ბაზარზე, რომლებიც ამისთვის მზად არიან, ამით უნდა დავიწყოთ. მერე სავალდებულოს გავხდით. დასაწყისში იყოს მხოლოდ დღით ვაჭრობა და შემდეგ გადავიდეთ საათობრივზე, ასე აეწყობა. პატარა ბავშვს რომ სირბილი ასწავლო, ჯერ ეტაპები უნდა გაიარო, უნდა იხოხოს, გაიაროს.. ასე უნდა მივიყვანოთ ბირჟის საქმე ბოლომდე.
გამოცდილება არსებობს ევროპაში, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე ძლიერი საბაზრო ეკონომიკა აქვთ, ერთბაშად ვერ გადავიდნენ ამ სისტემაზე. არადა თუ არ გადავედით ამ ეტაპზე, გარკვეული პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. 2 აუქციონია გამოცხადებული, სადაც ძირითადი მამოძრავებელი ძალა მაინც სახელმწიფოა. მთელი რიგი საკითხები გენერაციის მიმართულებით ბირჟის არ გახსნის გამო ჩერდება, ამიტომ ბირჟა აუცილებლად უნდა გაიხსნას.”-ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
ცნობისთვის, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.