მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მტევინოს” ღვინო 9 ქვეყანაში იყიდება - კომპანია ექსპორტის გაზრდაზე მუშაობს

63c298adc7d95
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 15:51
901
ღვინის მწარმოებელი კომპანია “მტევინო”, რომელიც 3 წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, ქართულ ღვინოს მსოფლიოს 9 ქვეყანაში ყიდის.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ზაუტაშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ 2023 წელს კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს, თუმცა რა მიმართულებით მუშაობს “მტევინო” დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. “მიმდინარე წელს ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს. ახალ ბაზრებზეც გავალთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რომელ ბაზრებზე ჯერ ვერ ვიტყვით”, - ამბობს ზაუტაშვილი.

მტევინოს” წლიურად 14 სახეობის 1 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, აქედან 2022 წელს ადგილობრივ ბაზარზე 35% იყო მიმართული, ხოლო ექსპორტზე 65%. ზაუტაშვილი ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ რეალიზების მაჩვენებელი შემცირებულია.

"ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები საკმაოდ გაიზარდა. ექსპორტზე კი ახალ ბაზრებზე გავედით და რამდენიმე ახალ ქვეყანასთან დავკონტრაქტდით, ესენია ყაზახეთი, გერმანია, პოლონეთი და ჩეხეთი. ახალი ბაზრების მიუხედავად, რადგან ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა ჩინეთ იყო და ბოლო 6 თვის განმავლობაში იქ სრული ლოკდაუნი იყო, ამის გამო გასულ წელს გაყიდვები არ გაგვიზრდია, თუმცა იმ ნიშნულს მივაღწიეთ, რაც 2021 წელს გვქონდა”, - აღნიშნა “მტევინოს” დამფუძნებელმა.

მისი თქმით, წელს კომპანიის მიზანი ღვინის გაყიდვების ძველი რიცხვების დაბრუნებაა. ეს კი 2021 წელს ექსპორტზე რეალიზების 80%-ს და შესაბამისად ადგილობრივი ბაზრის 20%-ს მოიცავდა. ამ მიზნის მიღწევას კი კომპანია ქართული ღვინის ახალ ქვეყნებში გატანით შეძლებს. ნიკა ზაუტაშვილის აღნიშნავს, რომ გასულ 2022 წელს “მტევინოს” ღვინოებმა 11 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვეს. 3 წლის კომპანიისთვის წლიურად ამდენი ჯილდოს მიღება კი დიდი წარმატებაა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები